დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვეუბნება, რომ მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა, შესაძლოა, თამბაქოს შესახებ ყველაფერი მაინც არ ვიცით, მაგალითად:
• თამბაქოში 7000-მდე მავნე ნივთიერებაა, მათ შორის დარიშხანი, ციანიდი, პოლონიუმ-210 და ტყვია- 210 (ორი უძლიერესი რადიოაქტიური ნივთიერება);
• ადამიანი, რომელიც დღეში კოლოფნახევარ სიგარეტს ეწევა, წელიწადში გულმკერდის არეში დაახლოებით 300 რენტგენის ტოლფას დასხივებას ღებულობს,
• თამბაქოს მოხმარება ჰაერს 10-ჯერ მეტად აბინძურებს, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანის გამონაბოლქვი,
• თამბაქო მის მომხმარებელთა ნახევარს კლავს.
მოზარდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო კვლევა 2015 წელს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში 15 წლის 2477 ბავშვი 190 სკოლაში (ქვეყნის მასშტაბით) გამოიკითხა.
კვლევის შედეგების მიხედვით, მათ 43%-ს თამბაქო გასინჯული აქვს. (გოგონები -30% , 54 %- ბიჭები) 18% ამბობს, რომ უკანასკნელ ერთ თვეში სიგარეტი მოუწევია, 12% კი ადასტურებს, რომ რეგულარული მწეველია. (ბიჭები 19%, გოგონები- 4%.) კვლევა აჩვენებს, რომ მოწევას საქართველოში 8-9 წლიდან იწყებენ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსში ამბობენ, რომ აღნიშნული მონაცემები დაბალია და აღნიშნავენ, რომ რეალური სურათი სხვაა. მიზეზი კი ისაა, რომ კონფიდენციალობის მიუხედავად, ბავშვები გამოკითხვის დროს გულწრფელები ნაკლებად არიან.
ბავშვებში თამბაქოს მოხმარება მთელი რიგი დარღვევების მიზეზი ხდება. პედიატრი ცოტნე ბესელია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ სიგარეტის ადრეული ასაკიდან მოხმარება სომატურ პათოლოგიებსა და ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, კერძოდ თამბაქოს მოწევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ქცევითი აშლილობები, ნერვოზული ცვლილებები.
„მე როგორც პედიატრს, მინდა გავამახვილო ყურადღება სომატურ პათოლოგიებზე. თუ მოწევის დაწყების ასაკი არის მცირე და თქვენ თვით, რომ 9 წლის ასაკიდანაც კი შეიმჩნევა ბავშვებში თამბაქოს მოხმარება, ეს გამოიწვევს ზრდა-განვითარების შეფერხებას. იმიტომ რომ ეს არის სქესობრივი მომწიფების წინა ეტაპი, ამ დროს ორგანიზმი ემზადება, რომ შემდეგ გააკეთოს ნახტომისებური ზრდა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნებისმიერი მავნე ფაქტორს ენქება გავლენა. გარდა ამისა ეს იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს,“-ამბობს ცოტნე ბესელია.
პედიატრი თამბაქოსთან კავშირში ერთ-ერთ მასშტაბურ პრობლემად პასიურ მწეველობას განიხილავს. პედიატრი ამბობს, რომ ამისგან ბავშვისთვის მიყენებული ზიანი ისეთივეა, როგორიც აქტიურ მოწევას მოაქვს და მწეველ მშობლებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
„ ეს ძალიან აღიზიანებს ლორწოვან გარსს, იწვევს სასუნთქი გზების მოშლას, ამას მოჰყვება ხოლმე მცირე ავადმყოფობა, ბრონხიტი, ამას მივყავართ ალერგიული დაავადებების ჩამოყალიბებამდე, ბრონხული ასთმის განვითარებამდე.
ბოლო მინდა ვახსენო ავთვისებიანი სიმსივნე. ბავშვობა არის დასაბამი ზრდასრული ასაკისა და რაც უფრო ჯანსაღი იქნება გარემო ბავშვობაში, მით უფრო ჯანმრთელად გააგრძელებს ადამიანი ცხოვრებას შემდეგ პერიოდში. ის ფაქტი, რომ მწეველებში დაახლოებით 40-ჯერ უფრო ხშირია ფილტვების სიმსივნე ვიდრე არამწეველებში, ეს მწეველებს ცოტა არასწორად ესმით ხოლმე, რომ ვინც ეწევა ყველას დაემართება კიბო, მაგრამ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატისტიკა და ამას გვერდს ვერ აუვლით. მოწევის დროს ხელშემწყობი გარემო იქმნება იმისთვის, რომ სასუნთქი სისტემის უჯრედები დაზიანდეს, წარმოიქმნას გადაგვარებული უჯრედები და ჩამოყალიბდეს ეს დაავადება.
ყოფილა შემთხვევა, რომ ბინაში შემინიშნავს სიგარეტის სუნი, რომ ჩავეკითხები, უთქვამთ, რომ სხვა ოთახში ეწევიან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახლში საერთოდ არ მოწიონ, რადგან კვამლი აუცილებლად გამოვა კონკრეტული ოთახიდან, მოედება ბინას და ბავშვი იქნება პასიური მწეველი. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ აივანზე თამბაქოს მოწევის შემდეგ, იქ რამდენიმე წუთით უნდა გაჩერდეს, რომ სასუნთქი გზებიდან ამოვიდეს ეს ჰაერი და შემდეგ შევიდეს ოთახში,“- ამბობს პედიატრი.
2018 წლის მაისიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გარკვეული ნაწილი ძალაში შედის, კერძოდ აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა.
სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო.
2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.
არასრულწლოვნებზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალულია დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც, დაუშვებელია ასევე სიგარეტის ღერებით გაყიდვაც. თუმცა, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე, „ფორტუნასთან“ ამბობს, დღეს მოქმედი კანონით ამ ნორმის აღსრულება რთულია, რადგან ყველა სამართალდარღვევა სასამართლოს ქვემდებარეა.
„შეცვლილი კანონით ეს პროცესი გამარტივებულია. თუ ასეთი ფაქტი მოქალაქემ შენიშნა ცხელ ხაზს უნდა აცნობოს, რაზეც შესაბამისი ორგანო მოახდენს რეაგირებას. მზადდება სპეციალური აპლიკაციის ფორმაც და კარგი იქნება მოქალაქემ დააფიქსიროს ფაქტი მობილურით და ადგილმდებარეობა და ფოტო ცენტრს გადასცეს. ამ პირის იდენტიფიცირება არ მოხდება. ადმინისტრირებას რაც შეეხება ეს შემოსვლების სამსახურს ევალება და პერიოდულად მოხდება შემოწმება.
რაც შეეხება ღერებით გაყიდვას, ეს ყველაზე კრიტიკული საკითხია, თუ ჩვენ გვინდა ბავშვებისთვის სიგარეტზე ხელმისაწვდომობა შევამციროთ. აქაც მაისიდან პროცედურა მარტივდება, არც ეს იქნება სასამართლოს ქვემდებარე და საჯარიმო სანქციებიც ამ მიმართულებით გაზრდილია,“- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
მისივე თქმით, თამბქოს მოწევის პრევენციის მიმართულებით ბიუჯეტში 2018 წლისთვის700-800 000 ლარია გამოყოფილი, რაც მძლავრ საინფორმაციო საკომუნიკაციო კამპანიას, მონიტორინგს უნდა მოხმარდეს, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით ტენდერების გამოცხადება ჭიანურდება.
„ფორტუნა“ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს გეგმებით დაინტერესდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის სპეციალისტი, ნუკა მაღლაკელიძე, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ერთიანი სამთავრობო კამპანია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას სიგარეტის მავნებლობისა და კანონში შეტანილ ცვლილებებზე მიაწოდებენ ინფორმაციას. მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანიის სამიზნე აუდიტორია იქნება ბიზნეს-სექტორიც.
კიდევ ერთი აქტივობა, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გეგმავს, ექიმების გადამზადება და თამბაქოსთან მიმართებით სპეციალური კონსულტაციების პირველადი ჯანდაცვის რგოლში ინტეგრირებაა. გადამზადდებიან, როგორც კლინიკების, ასევე სკოლის ექიმებიც.
თამბაქოს კონტროლის ალიანსში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ კანონის მიღება და ერთჯერადი აქციები საკმარისი არაა და სახელმწიფომ ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში, შესაბამის ინფრასტრუქტურასა (სპორტული დარბაზები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სკოლებსა და ბაღებში) და პედგოგების გადამზადებაში უნდა ჩადოს.
„აქციები არ არის ეფექტის მიმღები, ამიტომ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ განათლებაზე, პედაგოგებზე, რომლებსაც პირდაპირი შემხებლობა აქვთ ბავშვებთან,“-ამბობს გიორგი ბახტურიძე.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1/3 მწეველია. ამ მაჩვენებლით ქვეყანას მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში მეორე ადგილზეა.
WHO-ს მონაცემებით, 2030 წლისთვის, ყოველწლიურად თამბაქო მოკლავს 8 მილიონ ადამიანზე მეტს მსოფლიოში. საქართველოში ეს ციფრი 12 000-ს მიაღწევს, თუ სრულფასოვნად არ მოხდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვა და პრევენციული პროგრამების დაფინანსება.