View Static Version
Loading

მოაზროვნე აბიტურიენტობიდან რექტორობამდე მამუკა თავხელიძის ციტატებით მოყოლილი უცნობი პორტრეტი

ჩვენ ირგვლივ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს ან განვითრების მიმართულებას. ხშირად, დარწმუნებულებიც კი ვართ, რომ ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ თითოეულ კარს მიღმა ერთი საინტერესო ისტორია იმალება. ასეთი პერსონაა გრიგოლ რომაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც წლებია თავისი ცხოვრება ახალგაზრდობას და სტუდენტებს დაუკავშირა, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი პორტრეტის უცნობი პროფილი, რომელსაც მისივე ციტატებით მოგიყვებით.

ფაქტები

გრიგოლ რომაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე დაიბადა თბილისში, 1954 წელს. მას უმაღლესი პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია “ევროპული დიდაქტიკა“.

ბავშვობა:

,,ბავშვობა კარგი მქონდა. ოჯახი არ იყო მატერიალურად ძლიერი, მაგრამ დედა ყოველ ხელფასზე ერთ სათამაშოს ყიდულობდა. ბებია რომ არ გაბრაზებულიყო, დედა ატყუებდა, თითქოს სათამაშოებს სხვები მჩუქნიდნენ“

,,5 წლისვიყავი, როდესაც დედამ ვიოლინოს გაკვეთილებზე მიმიყვანა მეზობელთან. ვფიქრობ ადრე იყო, რადგან ვერ ვიგებდი, რომელი იყო სრული ნოტი ან რომელი - ნახევარი. შვიდწლედიც წვალებით დავასრულე. მაგრამ ძალიან აქტიური და სპორტული ბავშვი ვიყავი, ცურვაზეც დავდიოდი და კარგადაც გამომდიოდა''

,,დედა ყოველთვის ცდილობდა, მართებული და სწორი ღირებულებები ჩამოეყალიბებინა ჩემთვის... ის იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი''

,,სუფრისთვის კარგად ვმღერი [იცინის]. მუსიკა განტვირთვაა ჩემთვის. მუსიკის გამო ძალიან პოპულარული ვიყავი: კარგად ვმღეროდი, ვუკრავდი, ვთამადობდი, ცნობილი ადამიანების პაროდიებს ვაკეთებდი, განსაკუთრებით კარგად გამომდიოდა: ეროსი მანჯგალაძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ვასაძე. ეს იყო რომანტიკა..."

სტუდენტური წლები

,,პირველ კურსზე მთლად კარგად ვერ ვსწავლობდი, შეყვარებული ვიყავი''

თავადაც იხსენებს, რომ მის პროფესიულ ზრდაზე დიდი გავლენა იქონიეს ადამიანებმა, ვინც ცხოვრების გზაზე შეხვდნენ. ასეთი გამორჩეული პირი იყო პროფესორი გელა ბანძელაძე.

„გადავწყვიტე ფილოლოგიურზე ჩამებარებინა და მშობლებს ვთხოვე, რომ დამატებით რეპეტიტორთან მევლო. მაგრამ, მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ და მითხრეს, თუ ვერ ჩააბარებ ქარხანაში იმუშავებო."

იმ პერიოდში ახალგაზრდა აბიტურიენტს ეს კომენტარი არ მოეწონა მხოლოდ იმ მიზეზით , რომ დილით ადრე ადგომა არ შეეძლო. მაშინ გადაწყვიტა, რომ ძალიან კარგად ისწავლიდა - ასეც მოხდა.

„გამოცდაზე გავედი, მაგრამ საუბედუროდ ლექსები შემხვდა, მე კი არაფრის დაზეპირება არ შემიძლია. სწორედ ამიტომ გამომცდელს ვთხოვე, რომ მესამე თემიდან დავიწყებდი გამოცდის ჩაბარებას. ეს უკანასკნელი სხვებთან შედაერებით სამსჯელო იყო და გამომცდელიც დამთანხმდა. იმდენად გავცდი სასკოლო ჩარჩოებს, მიხვდნენ, რომ მაშინდელი ბავშვებივით დაშტამპული აზროვნება არ მქონდა და არც კი დამასრულებინეს საუბარი ისე დაიყვირა გამომცდელმა - ,,მოაზროვნე აბიტურიენტი" აღმოვაჩინეთო, ეს სიტყვები კარგად მახსოვს...''

ამის შემდეგ „მოაზროვნე აბიტურიენტი“ რექტორთან გელა ბანძელაძესთან მიიყვანეს და მისივე თქმით ელემენტარული კითხვები დაუსვეს:

„მკითხა, როდის დაიბადა ილია და როდის - აკაკიო. მე ეს ვიცოდი, რადგან სახლიდან რომ გამოვედი, დედამ მომაძახა 37-ში ილია და 40-ში აკაკიო, მაგრამ დაბნეულობისგან ვერაფერი ვუპასუხე, გაოგნდა... უცებ, სრულიად სხვა განყენებულ თემაზე დამიწყო საუბარი. აი მაშინ ჩემი დაბნეულობაც გაქრა და იმდენად მოეწონა ჩემი მსჯელობა, რომ პირდაპირ ხუთიანი დამიწერა. შემდეგ იყო ისტორიის გამოცდა, რომელშიც, სამწუხაროდ, ორიანი მივიღე. ისე ,,მიტყდებოდა", რომ დედას ვთხოვე უბანში არავისთვის ეთქვა, მაგრამ მან მიპასუხა: „ვის ვატყუებთ, საკუთარ თავებსო?“

ზუსტად დედის ამ სიტყვებმა განაპირობა მისი მომავალი ნაბიჯიც: „სახლთან სატელეფონო აპარატი იყო და მივედი და რექტორის მისაღებში დავრეკე. ხმა დავიბოხე და მდივანს ვუთხარი: „ბანძელაძე მანდ არის? სასწრაფოდ დამაკავშირეთ რაიკომიდან ვრეკავ“. მაშინვე გადამრთო და როგორც კი რექტორის ხმა გავიგე მაშინვე დავდნი და დახმარება ვთხოვე. მივედი შეხვედრაზე და ვუთხარი, რომ დავამტკიცებდი ჩემს ცოდნას ისტორიაში და შემდეგ გამოცდაზე დაშვების უფლება მომცა ცახდია, იმედები არ გამიცრუებია და გამოცდა კარგად ჩავაბარე... ასე გავხდი სტუდენტი, ბატონი გელას დახმარებით.''

,,როდესაც უანგაროდ აკეთებ რაღაცას, შეუძლებელია არ დაგიფასდეს"
,,ბევრი კარგი თვისება მაქვს და ბევრი ცუდიც, ჩემი მთავარი კარგი თვისება, გულწრფელობაა, ხოლო ცუდი მიმნდობლობა''

"სიყვარულშიც ძალიან გულწრფელი ვარ, ცოტა რომანტიკოსიც..."

მამუკა თავხელიძე მეუღლესთან ერთად

მამა

"ჩემი პორტრეტის მთავარი ნაწილი ჩემი შვილებია და ასევე თავად მე, როგორც შვილი"

,,მკაცრი მშობელი არ ვარ! და ერთ ისტორიას მოგიყვებით: ჩემი უმცროსი შვილი გიორგი 3 წლის იყო, საჭესთან დაუკითხავად რომ დაჯდა და ხეს შეეჯახა. თავად უვნებელი იყო, მანქანაც დიდად არ დაზიანებულა. სახლში რომ მივედი და ჩვენმა მძღოლმა ყველაფერი მომიყვა, გიორგიც იქ იყო - ბავშვი ისე ნერვიულობდა, ეგონა ძალიან ვეჩხუბებოდი. წყნარად ვუთხარი -გიორგი ეს შენ როგორ დაგემართა?! მე მგონია, ახლა საჭესთან რომ დაგსვა ჩვეულებრივად მართავ-მეთქი . ამის შემდეგ ვკითხე, ახლა რა ვქნათ? მანქანა გავაკეთოთ თუ ის სათამაშო ვიყიდოთ შენ, რომ გინდა-თქო. მაშინ მიპასუხა - „მანქანა გავაკეთოთ“ და მაშინ მივხვდი, რომ მან შეცდომა გაიაზრა.''

ბექა, თათა და გიორგი თავხელიძეები

,,ერთი რამ მინდა ვუთხრა მომავალ მშობლებს: დიდი სიყვარული არასდროს არის ზედმეტი, პირიქით, თქვენი შვილები უნდა მოაქციოთ თქვენი სიყვარულის ჩარჩოში და ისინი არ უნდა გასცდნენ ამ ორბიტას - ამ ჩარჩოს, აი მაშინ გეყოლებათ კარგი შვილები''

ალბათ სიყვარულის ეს ფორმულაა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის ალმა მატერის საფუძველს წარმოადგენს. გრუნი არის ისტორია, რომელიც მამუკა თავხელიძემ იმ განვლილი გზის საფუძველზე შექმნა, რომელიც ბევრისთვის უცნობია და ამ ისტორიის წარმატების გასაღები არის ემოციური დატვირთვა.

,,უნივერსიტეტი ვერასდროს იქნება ჩემთვის ბიზნესი! ბევრად დიდ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს, როცა ლექტორები და სტუდენტები ღიმილიანი სახით შემოდიან კამპუსში - ამას ფული და მოგება ვერასდროს ჩაანაცვლებს''

ფაქტები

მამუკა თავხელიძე არის ოქსფორდის მრგვალი მაგიდის წევრი, ოქსფორდის ქართვეელთა საზოგადოების წევრი, წინანდლის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენოსანი, უამრავი სამთავრობო ჯილდოს მფლობელი და ბევრი სხვა. თუმცა, ერთ მარტივ კითხვაზე თუ რომელია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო გვპასუხობს რომ ეს არის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების ნაჩუქარი სუვენირი, რომელსაც დღემდე ინახავს. ასე ამბობს, რომ სტუდენტის ნაჩუქარი ფანქარიც კი მისთვის უმნიშვნელოვანესია.

და ბოლოს, მამუკა თავხელიძე გვპირდება, რომ მუდამ იქნება ის რექტორი, რომელიც სტუდენტებს მოუსმენს და გრუნის კედლებში თუ გარეთ იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე. მისი კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი სტუდენტისთვის და ასე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში სტუდენტებთან და თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს გრუნის, ალმა მატერის ისტორიის წერას... და ვინ იცის, შესაძლოა მანაც ბევრი „მოაზროვნე აბიტურიენტი“ აღმოაჩინოს ჩვეულებრივი ისტორიების მიღმა.

ავტორი : მარი გეთია

NextPrevious