სანტა-კლაუსი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს - პუტკუნა, მხიარული შუახნის კაცი წითელ მანტოსა და თეთრ წვერში, - ყოველთვის ასე როდი გამოიყურებოდა.
სინამდვილეში, იყო დრო, როდესაც სანტას ან მაღალ, გამხდარ კაცად ან საერთოდაც ჩია ტანის ელფად გამოსახავდნენ.
სანტას პროტოტიპი წმინდა ნიკოლოზია, რომელმაც წლების განმავლობაში მასკულტურაში დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. თანამედროვე სანტას იმიჯის შექმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი კომპანია კოკა-კოლას მიუძღვის.
სანტას გზას
სანტა-კლაუსის პირველი გამოსახულება ბეჭდურ მედიაში 1862 წელს გამოჩნდა.
მაშინ ამერიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და პოლიტიკურმა კარიკატურისტმა თომას ნესთმა ჟურნალ Harper's Weekly-სთვის დახატა პოზიტიური პერსონაჟი, გმირი, რომელიც ჯარისკაცებს და ხალხს საჩუქრებს ურიგებდა. ეს იყო პატარა ტანის, ელფის ზომის კაცი რომელსაც პატრიოტული სამოსი - ამერიკის დროშის მოტივებზე შექმნილი მანტო ამშვენებდა.
ვინაიდან ეს პერსონაჟი ხალხს მოეწონა, ნესთი მას თითქმის 30 წლის განმავლობაში იყენებდა სხვადასხვა კარიკატურულ სცენაში. ამ დროის განმავლობაში ნესთის სანტამ ტრანსფორმაცია განიცადა, უფრო მოსუქებულ, მხიარულ პერსონაჟად იქცა, რომელმაც მუქი ტანსაცმელი გაიხადა და ბოლოს კვასკვასა წითელი მანტო მოირგო.
ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, ვიდრე კოკა-კოლა სანტას საკუთარ რეკლამაში „დაპატიჟებდა“.
საშობაო რეკლამების კეთება კოკა-კოლამ 1920 წელს დაიწყო. უკვე მაშინ ეს გაზიანი სასმელი ბევრ ქვეყანაში იყო პოპულარული, თუმცა უმეტესაც ზაფხულთან და გაგრილებასთან ასოცირდებოდა.
იმისთვის, რომ გაზრდილიყო ზამთრის გაყიდვები, დიზაინერმა არჩი ლიმ სარეკლამო სააგენტო D’Arcy-იდან, მოიგონა სასმელისთვის ახალი სლოგანი „წყურვილმა არ იცის სეზონი“და შექმნა კოკა-კოლას პირველი „ზამთრის“ რეკლამა.
რეკლამაზე გამოსახული იყო მოთხილამურე ქალი წითელ კოსტიუმში.
ეს კოსტიუმი სანტას ჩაცმულობას კი ჰგავდა, მაგრამ თავად სანტა კოკა-კოლას რეკლამაში მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა - ეს იყო ნახატი ჟურნალ The Saturday Evening Post-ში. პირველი სანტა იყო გამხდარი და ნესთის კარიკატურების ელფს ჩამოჰგავდა.
უკვე 1930 წელს მხატვარმა ფრედ მიცენმა კოკა-კოლასთვის დახატა რეკლამა, სადაც ნამდვილი სანტა იყო გამოსახული, თითქმის ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ - მსუქანი, წითელლოყება კაცი, დიდი ღიპით. თუმცა, ჩვენებური კეთილი სანტასგან განსხვავებით, ცოტა უფრო გოროზი და ქედმაღალი. იგი დიდ უნივერმაღში, ბავშვებით გარშემორტყმული დგას და ბოთლიდან კოკა-კოლას მიირთმევს.
თუმცა, სანტას იმიჯის რევოლუცია და მისი საბოლოოდ დაკავშირება კოკა-კოლასთან 1931 წლიდან იწყება, როდესაც კოკა-კოლამ თავისი სარეკლამო კამპანიისთვის სააგენტო D’Arcy-იდან კიდევ ერთი - მხატვარი ჰედონ სანდბლომი დაიქირავა.
სანტას იმიჯის შესაქმნელად, შთაგონებისთვის სანდბლომმა კლემენტ კლარკ მურის 1822 წლის ლექსი გამოიყენა „წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა“. ამ ლექსში ნიკოლოზი თბილი, კეთილგანწყობილი შუა ხნის კაცია, რომელიც საჩუქრებს არიგებს.
სანტა, რომელიც სანდბლომმა დახატა, ძალიან „ადამიანური“ იყო - აღარ ჰგავდა არც ზღაპრულ ელფს და არც იმ ქედმაღალ კაცს უნივერმაღიდან.
სანდბლომის სანტას დებიუტი 1931 წელს ჟურნალ The Saturday Evening Post-ში შედგა. ამის შემდგომ კოკა-კოლას საახალწლო რეკლამა სანდბლომის სანტას გამოსახულებით რეგულარულად ჩნდებოდა National Geographic-ში, The New Yorker-ში, გარე რეკლამებზე, პოსტერებზე და სხვაგან.
სანდბლომის სანტას დებიუტი 1931 წელს ჟურნალ The Saturday Evening Post-ში
შედგა. ამის შემდგომ კოკა-კოლას საახალწლო რეკლამა სანდბლომის სანტას გამოსახულებით რეგულარულად ჩნდებოდა National Geographic-ში, The New Yorker-ში, გარე რეკლამებზე, პოსტერებზე და სხვაგან.
სანდბლომის სანტას თეთრი ბეწვით გაფორმებული წითელი მანტო აცვია.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ სანტას კოსტიუმის ფერთა ეს გამა კოკა-კოლას ბრენდულ ფერებს უკავშირდება. თუმცა, ეს ასე არ არის. სანტა წითელ-თეთრ ტანისამოსში პირველად ჯერ კიდევ 1902 წელს, კოკა-კოლას სარეკლამო კამპანიამდე ბევრად ადრე, გამოსახეს.
თუმცა, სანტას თანამედროვე იმიჯი ნამდვილად კოკა-კოლას და სანდბლომის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც 1931-დან 1964 წლამდე გრძელდებოდა.
სანდბლომის ყველა რეკლამა პატარა ისტორიას ჰყვება - მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს სანტა ბავშვებთან კი არა, ჯარისკაცებთან მივიდა და ხურჯინში ტკბილეული კი არა - ობლიგაციები ედო.
ხოლო 1945 წელს, როდესაც ჯარისკაცები სახლში ბრუნდებოდნენ, სარეკლამო ბანერებზე გამოჩნდა სანტა, რომელიც ასევე მყუდრო სახლში ბრუნდებოდა და ხელში კოკა-კოლას ბოთლი ეჭირა.
სანდბლომი სანტას შექმნისას თავის თავს იყენებდა მოდელად - სარკესთან დგებოდა და ისე ხატავდა.
ხალხს ისე შეუყვარდა კოკა-კოლას სანტა, რომ მის იმიჯში მინიმალურ ცვლილებასაც ამჩნევდნენ. ერთ წელს, როდესაც სანდბლომი ცოლს გაეყარა, სანტას თითიდან ქორწინების ბეჭედი გაქრა და გულშემატკივრებმა აავსეს კოკა-კოლას სათავო ოფისი წერილებით, სადაც კითხულობდნენ, თუ რა ბედი ეწია მისის კლაუსს.
კოკა-კოლისთვის ბოლო ნახატი სანდბლომმა 1964 წელს შექმნა.
სანდბლომის ნახატების ორიგინალები კოკა-კოლას სათავო ოფისში, ატლანტაშია შენახული. სანტას კოლექცია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშადაა აღიარებული და მსოფლიოს არაერთ დიდ მუზეუმში იყო გამოფენილი, მათ შორის ლუვრში.
სანდბლომის სანტა საკულტო სახედ იქცა და იმდენად ორგანულად შეერწყა ახალ წელს, რომ ბევრი შეცდომით მიიჩნევს კომპანია კოკა-კოლას სანტას პერსონაჟის გამომგონებლად.
თეთრი დათვები და ქარავანი
1993 წლიდან კოკა-კოლამ ახალი საშობაო სახეები მოიფიქრა - თეთრი დათვების ოჯახი. ეს იმიჯები სცენარისტმა და რეჟისორმა კენ სტიუარტმა შექმნა, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ კოკა-კოლას საახალწლო რეკლამის პერსონაჟები.
ხოლო 2013 წელს ლეგენდარულმა რეჟისორმა რიდლი სკოტმა ამ დათვებზე სრულფასოვანი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმიც კი გადაიღო.
კოკა-კოლას კიდევ ერთი საახალწლო სიმბოლო, რა თქმა უნდა, სატვირთო მანქანების ბრჭყვიალა ქარავანია, რომელიც პირველად 1995 წელს გამოჩნდა კოკა-კოლას სარეკლამო კლიპებში.
კოკა-კოლას საახალწლო რეკლამა - სატვირთო მანქანების ქარავნის მოციმციმე შუქები ზამთრის პეიზაჟების ფონზე და სიმღერა „ახალი წელია“ მომენტალურად იქცნენ ზამთრის, ახალი წლისა და შობის სიმბოლოებად. კვლევები აჩვენებს, რომ ზოგიერტ ქვეყანაში მომხმარებლები საშობაო სეზონის დაწყებას სატელევიზიო ეთერში ამ რეკლამის გამოჩენას უკავშირებენ.
სხვათა შორის, ჰედონ სანდბლომის მემკვიდრეობისთვის აქაც მოიძებნა ადგილი - საკულტო სანტას გამოსახულება სატვირთო მანქანების კორპუსს ამშვენებს.
ტრადიციები გრძელდება
2021 წელს კოკა-კოლამ სადღესასწაულო სუფრებსა და საოჯახო სადილებზე მოსახვედრად ახალი კამპანია შეიმუშავა .
კომპანიის სლოგანია Real Magic „ნამდვილი ჯადოქრობა“ და გულისხმობს იმ დიდ მაგიას, რომელიც თან ახლავს ადამიანების ერთად ყოფნას, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას და თანადგომას.
მძიმე პანდემიურ წლებში ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მსოფლიოს - ასეთია კოკა-კოლას მესიჯი.
2021 წლის სარეკლამო რგოლი პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გატარებულ წუთებია.
Rogue Films -ის რეჟისორის სემ ბრაუნის მიერ გადაღებული ეს ორწუთნახევრიანი ფილმი და მისი მოკლე ვერსიები მსოფლიოს 90 ქვეყანაში გადის.
გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა და ადგილობრივ ბაზარზე McCann Tbilisi-ს მიერ ადაპტირებული კამპანიით და ორიგინალური შინაარსით წარსდგა.
გარდა ამისა, საქართველოში შეიქმნა სპეციალური საახალწლო ციფრული პლატფორმა Realmagic.ge, სადაც მომხმარებლები კოკა-კოლას ბოთლის ეტიკეტებზე გამოსახული QR-ის დასკანერების შემდეგ აღმოჩნდებიან.
აქ ბევრი საინტერესო რამეა - მაგალითად, საახალწლო ფლეი-ლისტი Spotify-ზე, სადაც მერაია ქერის საშობაო ჰიტისა და სხვა მობეზრებული მუსიკის ნაცვლად გემოვნებით შერჩეული საშობაო მუსიკა დაგხვდებათ.
აქ არის ასევე სპეციალური განყოფილება, სადაც ცნობილი სახეების პერსონალური და ორიგინალური მილოცვები შეგიძლიათ მოისმინოთ და ასევე არატრადიციული საახალწლო ვიდეო-რეცეპტები ნახოთ.
ამ სამყაროში მოსახვედრად მხოლოდ კოკა-კოლას ეტიკეტის დასკანერებაა საჭირო.