ქალაქის მეხსიერების ნაწილი
ძველი იპოდრომი თბილისის იმ იშვიათ სივრცეებს ეკუთვნის, სადაც ქალაქის ისტორიას არა შენობები, არამედ მისი ამპითეატრალური რელიეფი და ხალხის შემონახული ჟრიამული გვიყვება. ათწლეულების განმავლობაში ეს ადგილი საბურთალოს რაიონში სპორტული შეჯიბრებების, შეკრებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო, რომელმაც დროის ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა ფუნქცია შეითავსა, თუმცა ქალაქის მეხსიერებაში საკუთარი ადგილი შეინარჩუნა.
ბერძნული სიტყვები „ჰიპოს“ და „დრომოს“ ერთად ქმნის სახელწოდებას, რომელიც ცხენის სარბენ გზას ნიშნავს. ასე შემორჩა სივრცეს თავისი პირველი დანიშნულების კვალი. ძველი იპოდრომი, რომელსაც ასევე დელისის იპოდრომს ეძახიან, ისტორიული წყაროების თანახმად იპოდრომი თავიდან კიდევ უფრო დიდი ყოფილა - ტერიტორია ვერის ხეობიდან ნაციხრის ქედით იყო შემოზღუდული და 57 ჰექტარ ფართობს მოიცავდა, ტრიბუნა კი 10 000 მაყურებელზე ყოფილა გათვლილი.
სპორტიდან საზოგადოებრივ სივრცემდე
სპორტული აქტივობების შეწყვეტის შემდეგ იპოდრომმა ოფიციალური ფუნქცია დაკარგა, თუმცა სივრცე ქალაქის ცხოვრებიდან არ გამქრალა. პირიქით, ყოფილი სპორტული ინფრასტრუქტურა თანდათან ბუნებრივ, ღია საზოგადოებრივ სივრცედ ჩამოყალიბდა. ტერიტორია აქტიურად გამოიყენებოდა სეირნობისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის. მრავალი მოქალაქისთვის იპოდრომი იქცა ერთ-ერთ იშვიათ ადგილად, სადაც ქალაქის ბეტონებად გადაქცევის ფონზე, თავისუფლად გადაადგილება და დასვენება იყო შესაძლებელი. ეს იყო თვითნაბადი პარკი, სადაც არავინ იყო შეზღუდული და ბევრისთვის ცოცხალი ურთიერთობების ადგილთან ასოცირდებოდა.
იპოდრომი იყო ადგილი, სადაც ყოფნა თავისთავად იძენდა მნიშვნელობას
როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ეკატერინე ჯინორიძე გვიყვება, აქ ხალხი იკრიბებოდა არა დროის გასაყვანად, არამედ ერთმანეთის გვერდით ყოფნისა და ცოცხალი კომუნიკაციისთვის. “იპოდრომი ჩემს მეხსიერებაში ადამიანების ხმებით, სიცილითა და მოძრაობით ცოცხლობს. თითქოს ჰაერიც კი ურთიერთობის სითბოთი იყო გაჯერებული. ვიღაც ძაღლს ასეირნებდა, ვიღაც ბავშვს, სხვები კი ცხენებით მშვიდად ჯირითობდნენ. ამ სივრცეს თითქოს საკუთარი, შეუმჩნეველი რიტმი ჰქონდა, რომელსაც მარტო ჩვენ, “საბურთალოელები” კი არა, სხვა უბნის მაცხოვრებლებიც ამჩნევდნენ. იპოდრომი იყო ადგილი, სადაც ყოფნა თავისთავად იძენდა მნიშვნელობას. ჯერ მე გამზარდა ამ ადგილმა, შემდეგ კი მე გავზარდე ამ პარკში ჩემი შვილები. სწორედ იპოდრომის პარკში მქონდა ჩემს ქმართან პირველი პაემანიც. ამის შემდეგ იპოდრომი ჩემთვის მხოლოდ სასეირნო ან დროის სასიამოვნოდ გასაყვანი სივრცე კი არა, გაცილებით მეტია. ადგილია, რომელიც ასოცირდება ჩემს ბედნიერებასთან და ოჯახთან”.
რეაბილიტაცია თუ მნიშვნელობის დაკარგვა?
2020 წელს, როცა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ყოფილი იპოდრომის პარკის სარეაბილიტაციო პროექტი წარადგინა, მის “ცენტრალურ პარკად” ტრანსპორმაციის ინიციატივამ მაცხოვრებლების უკმაყოფილება გამოიწვია. გამონაკლისი არც ელენე ცერცვაძე ყოფილა, თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი, მოძრაობა “იპოდრომი, უბეტონო მხარის” დამფუძნებელი და ამავე დროს, პროფესიით არქიტექტორი, რომელსაც ბავშვობიდან იპოდრომთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. პროექტის შესახებ გაიგო თუ არა, მიხვდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად აზიანებდა იპოდრომის ურბანულ, ეკოლოგიურ და სოციალურ ღირებულებებს. საჭირო იყო, ჩარევა, ამიტომაც მან მეზობლების, თანამოაზრეების, ხალხის მხარდაჭერით დაარსა მოძრაობა.
პროექტი, რომელიც ახლა იგეგმება, ამ ყველაფრის ერთიანად განადგურებას გულისხმობს, ამიტომ მისი დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ემოციურად, არამედ რაციონალურადაც - ამბობს ელენე.
თბილისის "ფილტვები"
თბილისის იპოდრომი დიდ და მრავალფეროვან მწვანე ჰაბს წარმოადგენდა, მის მინდვრებს, ტყესა და ქარსაცავს ათწლეულების განმავლობაში შეექმნა მდგრადი, ბუნებრივი ეკოსისტემა. სწორედ ამიტომ იპოდრომი თბილისის „ფილტვად“ ითვლებოდა, ეს ბუნებრივი საფარი, ხელს უწყობდა ნიადაგის მტვრიანობის შემცირებასა და ჰაერის დაბინძურების შეკავებას. თუმცა, დროსთან ერთად ლანდშაპტიც შეიცვალა. ყაზბეგის ქუჩის მხრიდან, ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მიმდებარედ, სამშენებლო სამუშაოების დროს ამოთხრილ მიწას აქ ეზიდებოდნენ და ყრიდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ეს ადგილი უბრალოდ მიწის ნაგვით იყო სავსე, დღეს კი ამ ტერიტორიაზე ბალახია ამოსული და გორებს ჰგავს.
ავტორები
ლეთოდიანი მარი გვარამია თეკლა კევლიშვილი სალომე