მახათას ტაძარი: ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლო

„საზოგადოება ივერიისა“, რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული.

მან საქმიანობა დაიწყო მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით.

საზოგადოებას ჰყავს ქტიტორთა სათათბირო, რომლის წევრები არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი. სამწუხაროდ, საბჭოს ორი წევრი - გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან.

საზოგადოების საქმიანობის ძირითადი ამოცანა ეროვნული ფასეულობების წარმოჩენა, გაცნობიერება და ფართო საზოგადოებაში მათი კომუნიკაციაა.
ეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მთელი ერის მადლიერების გამოხატულებაა.

ღვთისმშობელი საქართველოში ქრისტიანობის შემომტანია, რომელიც ჩვენი ეროვნული ფასეულობის საფუძველთა საფუძველია. პროექტმა მთელი საქართველო გააერთიანა იმ მიზნით, რომ პატივი მიეგოთ ქრისტიანობის შემომტანისთვის.

ეროვნული ფასეულობების წარმოჩენა ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ამ რელიგიური პროექტით დაიწყო. თუმცა, ეს არის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული ფასეულობითი პროექტიც რადგან ქრისტიანობა, და კონკრეტულად მართლმადიდებლობა, გახლავთ ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძველი.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ამოქმედდა 2019 წლის მაისში.

მახათას მთის სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ასევე ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს 2019 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და „საზოგადოება ივერიისა“-ს მიერ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად.

არსებითად საუბარია ეროვნული საგანძურის ცენტრის შექმნაზე, რომელიც უშუალოდ მის წარმოჩენასთან ერთად გახდება მისი სამეცნიერო და საკომუნიკაციო ცენტრი.

აქვე, გვსურს განსაკუთრებით გამოვყოთ აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი სამეურვეო საბჭო, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების თანამშრომლობის უპრეცედენტო, უნიკალურ მოდელს.
ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმის შესაბამისად, „საზოგადოება ივერიისა“-მ 2019 წლის ივნისში გამოაცხადა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი.

საკონკურსო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და „საზოგადოება ივერიისა“-ს წარმომადგენლებისაგან, მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე, გამარჯვება მიანიჭა პორტუგალიელი არქიტექტორის ლუიშ ტავარეს პერეირას („აინდა არქიტექტურა“) მიერ წარმოდგენილ პროექტს.

„საზოგადოება ივერიისამ“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შექმნის სამუშაოები.

ახალი ცენტრის დაფინანსებისა და მშენებლობის დაწყების საკითხების საბოლოო გადაწყვეტამდე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებით, „საზოგადოება ივერიისა“ ჩაერთო ეროვნულ მუზეუმში განთავსებული ეროვნული საგანძურის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

ჩვენი ეროვნული საგანძურის, ეროვნული მემკვიდრეობის სწორად წარმოჩენა, გააზრება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია „საზოგადოება ივერიისა“-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია რელიგიისა და მეცნიერების, სარწმუნოების და ცოდნის ურთიერთკავშირის გააზრება და ჩვენი საგანძურის ორივე მხარის, საკრალური ანუ რელიგიური და მეცნიერული ანუ ინტელექტუალური ნაწილის წარმოჩენა.

ამ ცოდნის მთავარი ფუნქცია სამომავლო პერსპექტივისა და გზის სწორად დანახვაა. სწორედ ამიტომ გახდა „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ისტორიული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა და მისი გამარტივებული ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება.

„საზოგადოება ივერიისა“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“.

საზოგადოების ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, დაიგეგმა და განხორციელდა ამ ხატის ასლის მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში, სადაც ღვთისმსახურებასთან ერთად გაიმართა შეხვედრები მოსახლეობასთან და ჩატარდა ლექციები.

ხატის მოგზაურობის დასრულების შემდეგ, სიწმინდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდა.
მადლობას გიხდით ყველა შემომწირველს