მზიანი ამინდია, მივდივართ და ბავშვების ყიჟინის ხმა ეზოდანვე ისმის. გარემო ფერადი, ნათელი და ადაპტირებულია. ვხედავთ, საბავშვო ბაღში აღსაზრდელები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული. თამაშის დროს, საჭიროების შემთხვევაში იყენებენ სენსორულ სათამაშოებს. ეს ყველაფერი ახალციხეში ხდება. მთავარი ამბავი კი ის არის, რომ მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღის 50 აღმზრდელ-პედაგოგი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადამზადდა. მათ ისწავლეს როგორ ამოიცნონ აუტიზმის ნიშნები ადრეულ ეტაპზევე და ზრუნვის საუკეთესო პრაქტიკები შეიძინეს. აღმზრდელ-პედაგოგები თავად გვიზიარებენ მიღებულ გამოცდილებას.
„იყო ისეთი მომენტები, როდესაც ბავშვს ვამჩნევდი რომ ჰქონდა ჩამორჩენა, ვერ ეწეოდა განვითარებით ტიპიურ ბავშვებს, მაგრამ მშობლებს მიმღებლობა არ ჰქონდათ ამ საკითხზე. ამ პროექტით გავიგე ის რომ მე, როგორც აღმზრდელ-პედაგოგს არ მქონდა უფლება მეთქვა მშობლისთვის, რომ შენი შვილი აუტისტური სპექტრის მატარებელია, რადგან მე არ ვიყავი შესაბამისი განათლებით აღჭურვილი. ახლა უკვე შემიძლია გადავამისამართო შესაბამის ადგილზე და დროულად აღმოვუჩინოთ პატარებს დახმარება. აი მაქვს სენსორული მაგიდა, რომელშიც ვიყენებ მეორეულ მასალებს და როგორც კი ამას შეეხებიან, მაშინ��ე სიმშვიდის განცდა აქვთ, უფრო გრძელვადიანად არიან ჩართული მოცემულ თამაშში, მოსწონთ და გვეხმარება მუშაობის პროცესში. ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით ვარგებთ ბავშვებს სათამაშოებს“ - გვეუბნება ახალციხის №7 ბაგა-ბაღის პედაგოგი მარიკა ქავთარაძე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მიღებული ინფორმაცია ეფექტურად გაგვეზიარებინა როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რადგან უფრო მეტად ამაღლებულიყო ცნობიერება აუტიზმის შესახებ. მუშაობა გახდა უფრო კონკრეტული, უფრო მიზნობრივი და თითოეული ბავშვის საჭიროებაზე უფრო მორგებული“ - ამბობს თამარ გოქაძე, აღმზრდელ-პედაგოგი.
ბავშვს რომელსაც აქვს დაყოვნება, საჭიროება, რთული ქცევა, მეტყველების სირთულე, არ არის ინტეგრირებული, უჭირს სოციალიზაცია და ასე შემდეგ - პროექტის მიზანი იყო ამ ყველაფრის გამოვლენა საბავშვო ბაღშივე და მასზე მორგებული გრაფიკით მუშაობა ადგილზე.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში პერსონალის გადამზადება აუტიზმის ადრეულ ამოცნობასა და ეფექტიანი ზრუნვის განხორციელების მიმართულებით“ - კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის და ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთობლივი პროექტია, რომელიც CENN-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელებულ ასეთ პროგრამებს CENN-ის ორგანიზებულ მედია ტურში ჟურნალისტები ვეცნობით.
ქრისტინა ლაზარიშვილი - კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი
„აღნიშნულმა პროექტმა რომ ძალიან კარგად იმუშავა, ადასტურებს კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში მომართვიანობის გაზრდა. რასაც უკვე აღმზრდელ-პედაგოგები და სპეც პედაგოგები ბაღებში აკეთებდნენ, გადამისამართება ხდებოდა უკვე სარეაბილიტაციო ცენტრებში და უკვე სარეაბილიტაციო ცენტრში კონკრეტული საჭიროების მქონე ბავშვის ირგვლივ იკრიბება ის გუნდი რომლის სპეციალისტების დახმარებაც სჭირდება. აუტიზმის პროგრამები დიდ ქალაქებში არის და ჩვენთან არ იყო. პროექტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დაანახა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედობა არ ნიშნავს, სახლში ვიყო და დავმალო. სწორედ პროექტმა გამოკვეთა ამ სერვისის საჭიროება“
კიდევ ერთი სივრცე ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრია, სადაც პროექტი განხორციელდა „ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის (ABA) სერვისის გაუმჯობესება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია რეგიონში, რომელიც სუპერვიზირების ქვეშ მუშაობს ქცევის გამოყენებით ანალიზში. სუპერვიზირება გულისხმობს: ბენეფიციარების შეფასებას სხვადასხვა უნარების მიხედვით, როგორიც არის ნატიფი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, ენობრივი შესაძლებლობები, აკადემიური უნარები და ძირითადად აქცენტი მეტყველებაზე კეთდება, რადგან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ეს წამყვანი სირთულეა. თუმცა, არის ქცევის სირთულეებიც და შესაბამისად ყურადღება ქცევაზეც მახვილდება.
ფსიქოლოგი და ქცევის ანალიტიკოსი ია იაშვილი ამ ცენტრში ქცევის ანალიზზე დაფუძნებული თერაპიის სუპერვიზორია. პროცესში ჩართულია ცენტრის დაფუძნების დღიდან. ცენტრის კომპეტენცია 16 წლამდე მოზარდებზე ვრცელდება. უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში კი ხდება გადამისამართება. ბავშვები თერაპიას კვირაში 4-ჯერ, ერთი საათის განმავლობაში გადიან. იაშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობებისთვის, დედაქალაქშიც კი დეფიციტურია სომხურენოვანი თერაპევტები. მისი თქმით, ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში ენობრივი ბარიერის პრობლემა თითქმის მოხსნილია. ამ დროისთვის ცენტრს 17 ბენეფიციარი ჰყავს, ხოლო 5-6 ბენეფიციარს უკვე შეუწყდა მომსახურება, რადგან მათთვის სერვისის მიღების საჭიროება აღარ იყო.
ია იაშვილი - სუპერვიზორი
„��რთ-ერთი მაგალითი რომ გავიხსენოთ. იყო განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები. ძირითადად იყო, მშობლების მიმართ დაუჯერებლობა, საკუთარი თავის გატანა, აზროვნებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები. ბუნებრივია, როგორც კი ჩვენ ჩავერთეთ, შევაფასეთ ბავშვი და ვნახეთ მისი ასაკობრივი ნორმა სად იყო, შევთავაზეთ ისეთი დავალებები, აქტივობები, სადაც ბავშვს შეეძლო საკუთარი შესაძლებლობების გავარჯიშება. ბუნებრივია, ამ სტიმულაციამ გამოიწვია ის, რომ დაეწია ნორმას და ჩვენი ჩართულობა საჭირო აღარ იყო. აუტიზმის შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან აქ კომპლექსური სირთულეებია. შედეგები არის სირთულიდან გამომდინარე განსხვავებული. კერძოდ, თუ ნულოვანი მეტყველებით იყვნენ ბავშვები, იწყებენ გარკვეული მცირე სიტყვების თქმას, თუ იყო გამომწვევი რთული ქცევა, უფრო დამშვიდებულები არიან. თუ მშობელი აქტიურად და ეფექტურად არის ჩართული ჩვენთან კომუნიკაციაში და ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, ბუნებრივია შედეგი უფრო მაღალია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია მშობლის ფსიქო-სოციალური ცდა, ასე ვთქვათ ფსიქო განათლებაც“
ახალციხეში კიდევ ერთი სივრცე, რომელსაც ვესტუმრეთ „ტოლერანტია“. ორგანიზაციის ბაზაზე აქ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრი. შევდივართ შენობაში და ვხედავთ, როგორ სწავლობენ 60+ ადამიანები ინგლისურ ენას. მათი ყოველდღიურობა დატვირთულია, ხან ხელსაქმეს ეუფლებიან, ხან თემატურ ტრენინგებს ესწრებიან და ხან გასვლით ვიზიტებში იღებენ მონაწილეობას.
ახალციხეში მცხოვრებმა ლია სუდაძემ ცენტრის არსებობის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, დაინტერესდა და მოვიდა, სადაც თბილი გარემო დახვდა. ჯერ მძივების აწყობა ისწავლა, შემდეგ დეკორატიულ სანთლებზე გადავიდა. ჰქონდათ მოწყობილი გამოფენა-გაყიდვებიც. ამბობს, რომ ინგლისურში ცოტა ზარმაცობს, თუმცა პროცესი მთლიანობაში ძალიან მოსწონს და ცენტრში მოსვლას თავის თანატოლებსაც ურჩევს.
„ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები ორჯერ უკვე გვქონდა აქ ადგილზე, ასევე თბილისში ვიყავით ევროკავშირის ღონი��ძიებაზე და იქაც საკმაოდ გავყიდეთ პროდუქცია. იყო დაინტერესება და შეკვეთებიც. ასე ვხალისობთ... საინტერესოა, შემოქმედებითია. გარდა ამისა, სოციუმია ყველაზე მთავარი. ახალციხე პატარა ქალაქია და ჩვენ ისეც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა უფრო სხვა კუთხით ვუახლოვდებით. ნამდვილად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ის რომ რაღაც უნდა მოვამზადოთ, გასაკეთებელი გვაქვს, წასაკითხი გვაქვს... ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ უზომოდ კმაყოფილი ვარ და ყველას ვურჩევ, ვინც კი ახალციხეშია, ასაკოვანია და დაუსაქმებელია, უნდა რომ განიტვირთოს, მობრძანდეს ტოლერანტში. მადლობა ქალბატონ ცირას, ამ ორგანიზაციას და დონორებს, რომლებიც ჩვენთვის ამდენს იღებენ, როგორც ფინანსურად, ასევე განათლების კუთხით“ - ამბობს ლია სუდაძე.
ზაირა გოზალიშვილი მთელი ცხოვრება დატვირთული იყო. ჯერ სწავლობდა, შემდეგ კი სულ მუშაობდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ბანკში სალაროს გამგე იყო. არც შაბათი ჰქონდა და არც კვირა. მიუხედავად დიდი სურვილისა, არც დრო და არც საშუალება ჰქონდა სამსახურის პარალელურად სხვა რამ ეკეთებინა. პენსიაში გასვლის შემდეგ კი უამრავი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. ცენტრში მოსვლის დღიდან დაიწყო ახალი უნარების ათვისება. ახლა ყველაფერს სხვა თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ სხვანაირი, უკეთესი ცხოვრება ნახა.
„სამკაულების კეთება ეს არის სრული რელაქსი ჩემნაირი ადამიანებისათვის. ვინც მთელი ცხოვრება მუშაობდა და მერე რაღაცის კეთება გინდა, ეს არის სასწაულად სასიამოვნო. სამკაულების შემდეგ დავიწყეთ სანთლის ჩამოსხმა. ამ პროცესმა ხომ გაგვაგიჟა, იმდენნაირი ფერად-ფერადი ყალიბი გვაქვს, გამოკრული გვაქვს ინფორმაცია - რა ტემპერატურაზე, როგორ უნდა მიანიჭო ფერი, სურნელები და ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო სიახლე. ალბათ, ცოტა ხანში გადავალთ ჭრა-კერვაზე, ესეც საინტერესო იქნება, რადგან ცხოვრებაში არაფერი შემიკერავს. ცოტა ხნის წინ შემოგვთავაზეს იაპონური ენის სწავლება, რაც ახალიციხისათვის არის ისეთი გამონათება, ალბათ ვერც კი ვინატრებდით. შეიძლება ბევრი ვერაფერი ვისწავლოთ, წერა-კითხვა, ჩვენი სახელის დაწერა ვისწავლოთ მეტი არაფერი, თუმცა, ესეც ხომ საინტერესოა?! ცხოვრება თითქოს ახლა დავიწყე. სხვანაირი ცხოვრება ვნახე, მე ხომ ეს თავისუფალი დრო არასდროს მქონდა, მხოლოდ სამსახური და სახლი იყო ჩემი რუტინა და ეს იყო ახალი გამონათება ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ��ევრი ჩემნაირი ქალის ცხოვრებაში“ - ემოციების ფონზე გვიყვება ზაირა გოზალიშვილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრი იხსნებოდა, 60+ ადამიანების დაინტერესება თავდაპირველად ინგლისური ენის შემსწავლელმა კურსმა გამოიწვია. ასე კომპლექტდებოდა ჯგუფები ეტაპობრივად და შემდეგ დაემატა სხვადასხვა კურსი. მარიამ პეტროსიანი უკვე მეორე წელია მათ ინგლისურ ენას ასწავლის. პროგრამა ჯგუფზე მორგებული და ადაპტირებულია.
„ხალისით დადიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ კურსები, ეს არის ამ ხალხის ინტეგრაცია საზოგადოებაში. სულ უნდათ ერთმანეთის ნახვა. აქ დადიან, მიირთმევენ ფინჯან ყავას, უყურებენ ფილმებს, განიხილავენ წიგნებს. ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ დღეებს ითვლიდნენ აქ მოსასვლელად. საერთოდ არ აცდენდნენ. თავად მეუბნებოდნენ რისი სწავლა უნდათ, რაზე ვკონცენტრირდეთ და მასალასაც საკუთარი სურვილით ირჩევნდნენ“ - ამბობს პედაგოგი მარიამ პეტროსიანი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ხანდაზმულთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრი სამცხე-ჯავახეთში პირველია და რეგიონისთვის ეს ახალი გამოცდილებაა. ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორის ცირა მესხიშვილის თქმით, ცენტრის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა და CENN-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იდეის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. მათი სამუშაო პროფილი განსხვავებული იყო, ამ მიმართულებით ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა პროექტის განხორციელებამდე გაიარეს ტრენინგები. შემდეგ, არც დაწყება იყო მარტივი, ნერვიულობდნენ, დაინტერესდებოდნენ თუ არა ხანდაზმულები, თუმცა, მათი შიშები მალე უსაფუძვლო აღმოჩნდა. მსურველებიც გამოჩნდნენ და ჯგუფებიც ჩამოყალიბდა.
შეიქმნა ინგლისური ენის, ციფრული უნარების, სახელოვნებო კურსები. აქვთ ე.წ. „პარასკევობები“, სადაც ცირა მესხიშვილი რეგიონის ისტორიულ ��მბებს უყვება. სამცხე-ჯავახეთის ისტორიასთან ერთად, ისმენენ იაპონიის ისტორიას ცენტრში მყოფი იაპონელი მოხალისისგან. ზამთარში „ლოტოს დღის“ დაწესებასაც აპირებენ, სურთ რომ დაამატონ, ჭრა-კერვის, ასევე იოგას კურსები. მუდმივად ცდილობენ, რომ არსებულ ჯგუფებს სიახლეები შესთავაზონ და ახალი ადამიანებიც დააინტერესონ. მესხიშვილი განსაკუთრებულად იხსენებს იმ დღეს, როცა ცენტრს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ესტუმრა.
ცირა მესხიშვილი - ასოციაცია „ტოლერანტის“ დირექტორი
„ყველაზე განსაკუთრებული დღე იყო, როდესაც CENN-ის დახმარებით, ჩვენთან, ოფისში მოვიდა ევროკავშირის ელჩი და ნეტავ გენახათ, როგორ ესაუბრებოდნენ ინგლისურ ენაზე. აღფრთოვანებულები იყვნენ, როდესაც ერთად დასხდნენ და მიირთვეს თავიანთი მოტანილი ჟოლოს წვენი. სამომავლოდ, გვინდა დავაფუძნოთ სოციალური საწარმო და დავიწყოთ ჩვენი ბენეფიციარების ხელით შექმნილი ნამუშევრების გაყიდვა. მართალია, დღეს სამკაულებს ყველა ყიდის, თუმცა როდესაც მომხმარებელი გაიგებს, რომ შეუძლია შეიძინოს ბებიების და ბაბუების მიერ ხელით შექმნილი პროდუქცია, ვფიქრობ დაინტერესება უფრო ექნება. ვგეგმავთ ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობას. უკვე შევხვდით და დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან ამ საქმიანობის გარეკლამებაში“
სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, მედია ტური ქვემო ქართლში გაგრძელდა. პირველი გაჩერება ბოლნისია, ზრდასრულთა განათლების ცენტრი. შევდივართ ერთ-ერთ ოთახში, სადაც ქალები ჭრა-კერვას სწავლობენ. სულ 9 მონაწილეა. სხვადასხვა სოფლიდან ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებიან ამ სივრცეში და პროფესიულ უნარებს ეუფლებიან. კურსი 3 თვიანია. დიდი მონდომების მიუხედავად, ქალებს ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ. უტრანსპორტობის გამო, მათ ცენტრში სიარული საკუთარი რესურსებით უწევთ.
ჟუჟუნა აბულაძე ეკომიგრანტია, სოფელ დისველიდან დადის, რომელიც ბოლნისიდან საკმაოდ მოშორებითაა. ამბობს, რომ სანამ ცენტრში მოვიდოდა, ნემსის აგებაც კი არ იცოდა, ახლა კი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ოჯახში 7 წევრი ჰყავს. დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობით და თავად დასაქმებული არაა, ამიტომ 55 წლის ქალის მოტივაცია სახლიდან გამოსვლა და ახალი უნარების ათვისება იყო.
ჟუჟუნა აბულაძე, სოფელ დისველიდან
„ისე შემიყვარდა ჩემი საკერავი მანქანა, ყოველდღე ვუცდიდი როდის მოვიდოდა ეს დღე. ვისწავლე მაგიდის გადასაფარებლების, რანერების გაკეთება, თეთრეულის, ჩანთების შეკერვა. სახლისთვის მაგალითად ვიყიდე დივნის გადასაფარებლები, არ მომეწონა, დავშალე და ჩემი ხელით შევკერე. ვინმე რომ იტყვის რაღაც მაქვს შესაკერიო, ბავშვივით მიხარია და ვეუბნები, მომეცით მე შეგიკერავთ მეთქი. იმდენად მომწონს აქაურობა რომ ყველაფერს შევისწავლიდი“
იზა მიქელაძე - ჭრა-კერვის მასწავლებელი
„ახლა პირველად გვყავდა სოციალურად დაუცველი ქალების ჯგუფი, ეკომიგრანტები, მრავალშვილიანები და ასე შემდეგ და რაც გვქონდა პროგრამაში, ყველაფერი სრულად აითვისეს. იდეები აქვთ, რომ დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, შეიძინონ 1-2 საკერავი მანქანა და სოფელში გახსნან პატარა სამკერვალო, რაც მათი შემოსავლის წყარო გახდება და იმედი მაქვს შეძლებენ განხორციელებას“
„ნაბიჯი განვითარებისკენ - ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული და ციფრული უნარების განვითარების გზით“ - ევროკავშირის დაფინანსებით და CENN-ის მხარდაჭერით ცენტრში სხვადასხვა შემსწავლელი კურსია ქალებისთვის. კერძოდ, ჭრა-კერვის, გელ-ლაქის, სოციალური მედია მენეჯმენტის, ასევე ტრენინგების ციკლი სხვადასხვა თემაზე. ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ნაზი ლონდარიძეც, რომელმაც გაიარა სოციალური მედია მენეჯმენტის და გრაფიკული დიზაინის კურსი.
„ვარ პროფესიით იურისტ-ეკონომისტი და დასაქმებულიც, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი საშუალება მომეცა, გამევლო კურსები. განვივითარე ციფრული უნარები. კურსის გავლის შემდეგ, უფრო დავინტერესდი გრაფიკული დიზაინით და გავაგრძელე სწავლა ამ მიმართულებით. ზრდასრულ ასაკში განათლების მიღება უფრო გააზრებულად ხდება. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, განივითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პატარა ქალაქში უფასოდ კურსების გავლის შესაძლებლობა მოგვცა“ - გვპასუხობს ნაზი ლონდარიძე.
პროექტის მიზანი იყო ბოლნისში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული და ციფრული უნარების გა��მჯობესების გზით. პრიორიტეტი მიენიჭათ სოფლად მცხოვრებ ქალებს, მრავალშვილიანებს, ეკომიგრანტებს, ემიგრაციიდან დაბრუნებულებს, ძალადობის მსხვერპლებს, ყველა იმ ქალს, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდა დახმარება და პროფესიის შესწავლა ეკონომიკურად გაძლიერებისათვის.
9 თვიანი პროექტის დასრულების შემდეგ ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე ფიქრობენ სოციალური საწარმოს შექმნას, სადაც კურსდამთავრებულების ნაწილი დასაქმდება.
„გვინდა დავიწყოთ მევენახეებისთვის წინსაფრების შეკერვა. ასევე, ვფიქრობთ გადასაფარებლებს, ჩანთებს ღვინის ბოთლებისთვის და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება. იქნებიან სოციალურ საწარმოში დასაქმებულები კვირაში დაახლოებით 2-3 საათით. ისინი შეკერავენ და ჩვენ გავყიდით ამ ნაწარმს. შემოსავალი მათაც ექნებათ და მერე ისევ სოციალურ საწარმოში ჩავაბრუნებთ რომ განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა“ - გვიყვება სამომავლო გეგმებს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი.
ბოლნისის შემდეგ ჟურნალისტებმა მარნეულში გადავინაცვლეთ, სადაც ვესტუმრეთ ცენტრს „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“. ასევე საერთაშორისო მხარდაჭერით, სოფელ ყიზილაჯლოში, პირველი საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს ბავშვებისთვის. სწავლება მიმდინარეობს კვირაობით და მასში ჩართვა მსურველს, ნებისმიერ დროს შეუძლია.
საკვირაო სკოლა გათვლილია 5-6 და საჭიროების შემთხვევაში 7 წლის ბავშვებისთვის, ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის. პროექტის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში დანერგილი და ადაპტირებულია ბილინგვური მეთოდები.
ასევე შექმნილია მშობელთა კლუბი, რაც გულისხმობს სწავლების დროს, შვილებთან ერთად მშობლების ჩართულობასაც. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე, როგორ უნდა იმუშაონ სახლში, როგორ მიაქციონ ყურადღება ბავშვის აკადემიურ უნარებს, რა აქტივობები დაგეგმონ და როგორ შეძლონ შვილების დისტანცირება გაჯეტებისგან.
„ბილინგვურ საკვირაო სკოლაში, ბავშვებს კვირაში ერთხელ ვხვდებით და ვთავაზობთ წინასასკოლო უნარების განმავითარებელ, მათ ასაკზე მორგებულ მრავალფეროვან აქტივობებს - როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს თავის��� ინტერესები, შესაძლებლობები და მისწრაფებები. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, რამდენად დიდი ძალა აქვს როდესაც ვაკეთებთ საქმეს ,,ერთად ერთმანეთისთვის" - გვიყვება საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნათია ოქროპირიძე.
პროექტის მენეჯერის ფიდან ასკეროვას განმარტებით, საკვირაო სკოლის შექმნის იდეა, რეგიონში ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე გაჩნდა. CENN-ის დახმარებით შეიძინეს რესურსები, მოაწყეს მთლიანი სივრცე, დაატრენინგეს პედაგოგები. ამ ეტაპისთვის საკვაირაო სკოლაში 20 ბავშვი სწავლობს, რომლებიც განაწილებულია 2 ჯგუფში. მათი თქმით, განსხვავებული ბილინგვური მიდგომების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქართულის, სომხურის, აზერბაიჯანული ენების პედაგოგები ერთად მუშაობენ გეგმის შედგენაზე, რომელსაც ერთად ახორციელებენ სწავლების პროცესში. აქტივობები მოიცავს როგორც მოძრავ, ასევე სამაგიდო თამაშებს.
„ერთი ჯგუფი თუ ქართულენოვან პედაგოგთანაა, მეორე ჯგუფი აზერბაიჯანულენოვან პედაგოგთან, შემდეგ ხდება მათი მონაცვლეობა. ასევე გვყავს მეორე ჯგუფი, სადაც აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და ქართულენოვანი ბავშვები გვყავს ერთად და იქ უკვე სამივე მასწავლებელი ერთვება და ანალოგიური პრინციპით ხდება ერთმანეთთან მონაცვლეობა. საკვირაო სკოლა არის ყველა ეთნიკური ჯგუფის ბავშვებისთვის და მისი მიზანი არამხოლოდ ენის ათვისება, არამედ ბავშვის ადრეული განვითარებაა. ფაქტობრივად, ვამზადებთ სკოლისთვისაც. შედეგები კი ძალიან კარგია“ - გვეუბნება ფიდან ასკეროვა.
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით და CENN-ის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის და ასევე, მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, 20-მდე ქვეგრანტი განხორციელდა. სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო. მისი მიზანი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება დადიალოგის ხელშეწყობაა, რათა სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა იყოს გაუმჯობესებული და ეფექტიანად მიეწოდებოდეს სამიზნე ჯგუფებს, გვპასუხობენ CENN-ში.
„როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების, ასევე ექსპერტული კვლევების საფუძველზე, გამოვლინდა რომ სერვისები რეგიონებში ერთის მხრივ არსებობს, თუმცა მათ შესახებ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ან მეორეს მხრივ გვაქვს სერვისები, რომლებიც არც თუ ისე საჭიროა ადგილებზე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებაა და მსგავსი სერვისები არ არის, რადგან ჩვენთან სერვისები კვლევაზე დაფუძნებით ნაკლებად იქმნება. ჩვენ გვინდოდა ჩვენი პროექტებით ისეთი სერვისები შეგვექმნა, რომლებიც ამ რეგიონებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის იყო საჭირო. მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პრაქტიკულად ყველა პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან მუშაობა. ვაწვდიდით ინფორმაციას როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე არსებული სოციალური სერვისების შესახებ და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა აღნიშნულ სერვისებზე. ეს იყო გამჭოლი აქტივობა ყველა პროექტის და ასეთი 20 პროექტი იქნა განხორციელებული“ - აცხადებს CENN-ის პროექტის მენეჯერი ნინო თევზაძე.
სამცხე-ჯავახეთშიც და ქვემო ქართლშიც გვეუბნებიან, რომ ვერ შეიქმნებოდა ვერცერთი საგანმანათლებლო სივრცე, ცენტრი, სერვისი და მომსახურება, ვერ შეიძენდნენ ახალ უნარებს და ვერ დასაქმდებოდნენ, რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო მხარდაჭერა.