პლასტიკი - საფრთხე როგორც შემოსავლის წყარო თამარი ქავთარაძე; თათია ახვლედიანი

პლასტიკი, მისი გამოგონებიდან მალევე, ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქცია გახდა. მიზეზი მარტივია, მის წარმოებას ნაკლები რესურსი სჭირდება, გამძლეა, შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიცემა, ელასტიურია და ა.შ. პლასტიკის წარმოებით მრავალი პრობლემა გადაიჭრა, თუმცა, მავნე შედეგენს უკვე ვიმკით. ევროკავშირის გარემოსდაცვითი პროგრამის მონაცემებით ყოველწლიურად 19-დან 23 მილიონამდე ტონა პლასტმასას ნარჩენი ხვდება ეკოსისტემაში, წამლავს ტბებს, მდინარეებს, ოკეანეებს და ჩვენ.

პლასტმასის წლიური წარმოება მსოფლიოში 1950 წლიდან 2021 წლამდე (მლნ მეტრულ ტონაში)

სტატისტიკა ეყრდნობა statista.com-ის მონაცემებს

პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე ან გარემოში ხვდება, რეციკლირების, გადამუშავების გარეშე და ბუნების ძლიერ დამაბინძურებელს წარმოადგენს. ეს მაშინ, როდესაც პლასტიკის მეორეული გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი და ეკოლოგიურთან ერთად ეკონომიკური ბენეფიტების მომტანია.

ინდ. მეწარმე დავით ფხაკაძე წლებია პლასტიკის რეციკლირებითაა დაკავებული. მის საწარმოში სხვადასხვა სახის პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება მიმდინარეობს, მეორადი ნედლეულის მასალის (პლასტიკის გრანულების) მიღების მიზნით. პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებით მიღებული "ჩიფსებისაგან" კი სხვადასხვა სახის ნაკეთობები მზადდება. დავით ფხაკაძე პლასტიკის რეციკლირების შედეგად ისეთ ნივთებს ამზადებს, როგორიცაა ტანსაცმლის საკიდი (4 სახის) და წყლის მადუღარა.

ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის პლასტიკის გადამუშავებაზე ინფორმაციის მიწოდებითაა დაკავებული იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“. მათ ოფისში მცირე საჩვენებელი ლაბორატორიაც მოაწყვეს, სადაც დაინტერესებულ პირებს პლასტიკის გადამუშავების პროცესს აჩვენებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ცხაკაია დეტალურად გვიხსნის თუ როგორ მიმდინარეობს პლასტიკის გადამუშავება მათ ლაბორატორიაში.

��ეციკლირებას ალტერნატივა არ გააჩნია

რეციკლირება, ანუ გადამუშავება გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის გადამუშავებას სხვა პროდუქტად

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ვალდებულება აიღო- ჩამოაყალიბოს ნარჩენების მართვის სისტემა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება. ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების ეტაპობრივად სეპარირების ვალდებულება დაეკისრა, მათ შორის ქუთაისსაც. მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა დაამტკიცა.

ქუთაისში პლასტიკის განცალკავებული შეგროვებისათვის 120 ურნა დგას. ამასთან, ქალაქში უკვე გამოჩნდა ,,ჭკვიანი ურნები", რომლებიც შევსებისა და ცეცხლის გაჩენისას სიგნალს იძლევა.

ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ ტყაბლაძის თქმით ახალი ურნების ოდენობა ამ ეტაპზე 21-ია. ქალაქში ნარჩენების შეგროვებისათვის სულ 1 450 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.

რა გზას გადის პლასტიკი ურნაში მოხვედრიდან

ქუთაისში ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებია". ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მჟავანაძის თქმით, ამ ეტაპზე მათთან 80 კგ-მდე დაპრესილი პლასტიკია დასაწყობებული. რეალიზაცია აუქციონის წესით მოხდება მაშინ, როცა მზა პლასტიკის ოდენობა ტონას მიაღწევს. ფასს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.

დაპრესილი პლასტიკი
დაპრესილი პლასტიკი
პრესი, რომელსაც პლასტიკისთვის იყენებენ

2019-2023 წწ. ქუთაისის ნაგავსაყრელზე შეტანილი ქუთაისის მუნიციპალური ნარჩენები (ტონა)

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისიდან ნიკეას ნაგავსაყრელზე, ბოლო 5 წლის მონაცემებით, სწორედ ამ ოდენობის ნარჩენი განთავსდა. მონაცემები მზარდია და თუ კავკასიის გარესმოდაცვით პორტალს დავეყრდნობით, ამ მოცემულობის 14% სწორედ პლასტიკია, რაც მცირე მაჩვენებელი სულაც არაა.

(2023 წელი - 11 თვეს მოიცავს)

გარდა ამისა უნდა გავითვალიწინოთ იმ პლასტიკის ოდენობაც, რაც, არც ნაგავსაყრელზე ხვდება და არც გადამუშავდება, არამედ გარემოში მიმოიფანტება

ჩვენს მიერ მოხმარებული პლასტიკი ისევ ჩვენ, ადამიანებს გვიბრუნდება

2022 წელს, Plastic Soup Foundation-მა სხვადასხვა ორგანოებსა და იმუნურ სისტემაზე პლასტმასის მიკრობოჭკოების ზემოქმედების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. მხოლოდ 2021 და 2022 წლებში 400-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა მიკროპლასტიკის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.

კვლევები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს პრობლემის სიმძიმესა და საფრთხეზე, რომელიც ჩვენივე ქმედებებიდან მომდინარეობს

მასალა მომზადებულია პროექტის “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.