ჩივნინგი, უნიკალური შესაძლებლობა მარიამ კვატაშიძე

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ალბათ, ძალიან ბევრ სტუდენტს საზღვარგარეთ სურს ძალების მოსინჯვ, თუმცა, სურვილის გარდა, ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა და ხშირად ფინანსებია საჭირო არა მხოლოდ სასწავლებლად. უცხოეთში გჭირდება მუდმივი საცხოვრებელი, კვება და სხვა ბევრი წვრილმანი, რომლის გარეშეც სწავლა უბრალოდ წარმოუდგენელია. ეკონომიკური განვითარების იმ დონეზე მყოფი სახელმწიფოსთვის, როგორიც ჩვენ ვართ, საკმაოდ რთულია, მოიპოვო სრული დაფინანსება უცხოეთში სასწავლებლად და შემდეგ სტიპენდია, რომ სხვა ხარჯები აანაზღაურო. ამ სტატიით მინდა ქართველ ბაკალავრიატის სტუდენტებს ან ადამიანებს, რომლებმაც უნივერსიტეტი უკვე დიდი ხანია დაამთავრეს, დავეხმარო და გავაცნო პროგრამა, რომელიც დაეხმარებათ ამ ოცნების ასრულებაში

ჯერ კიდევ შორეულ 1983 წელს დიდმა ბრიტანეთმა შექმნა პროგრამა სახელად „ჩივნინგი“, რომელიც ეხმარებოდა რამდენიმე ევროპული ქვეყნის სტუდენტებს მაგისტრატურის ბრიტანეთში გაგრძელებაში. წლების განმავლობაში ამ პროგრამამ ზრდა გააგრძელა, ნელნელა მთელი ევროპა მოიცვა და სტუდენტების მიზერული რაოდენობიდან რამდენიმე ათასეულამდე გაიზარდა. ჩივნინგის პროგრამა თავის თავში მოიაზრებს ბრიტანეთის ნებისმიერ არჩეულ უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე უფასოდ სწავლასა და ასევე სტიპენდიას, რომელიც მთლიანად დაფარავს საცხოვრებელ თუ სხვა ხარჯებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც აქვს სურვილი და მოტივაცია - ბრიტანეთში გააგრძელოს სწავლა

ამ ოცნების პროექტს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მოთხოვნები აქვს. ყოველწლიურად ევროპის ყველაქვეყნიდან ათი ათასობით წარმატებული სტუდენტიდან მხოლოდ რჩეულები აგრძელებენ სწავლას დიდ ბრიტანეთში. 2022 წელს კი ამ სიას ქართველი სტუდენტი მაია რიჟვაძეც შეუერთდა. მაია მაღალმთიანი აჭარის სოფელ ხულოდან არის და ჩივნინგის ფარგლებში შოტლანდიის, კერძოდ, გლასგოს უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების მიმართულებით მაგისტრის სტუდენტია.

- მაია, როგორ დაიწყო თქვენი და ჩივნინგის ურთიერთობა და რამდენად რთული იყო რეგისტრაციის გავლა, სანამ უშუალოდ ინტერვიუსთვის შეგარჩევდნენ?

-დაახლოებით ოთხი წლის წინ გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა. მანამდე აქტიურად ვმუშაობდი მარკეტინგის მიმართულებით, თუმცა მივიღე გადაწყვეტილება და შევიცვალე პროფესია. გადავერთე ინკლუზიურ განათლებაზე და აქტიურად დავიწყე მუშაობა ამ სფეროში. სწორედ ამ პერიოდში გადავედი პოლონეთში საცხოვრებლად და იქ დავიწყე მოხალისედ მუშაობა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. შემდეგ კი გერმანიაში გავაგრძელე საქმიანობა. ამ პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ეს სფერო და მინდოდა, რომ განათლებაც სწორედ ამ სფეროსთვის დამეკავშირებინა. ამ პერიოდში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩივნინგის პროგრამა და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. დედლაინამდე დარჩენილი იყო ექვსი დღე, რაც არის ძალიან ცოტა, რადგან სტუდენტები თვეების განმავლობაში ემზადებიან. მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია და შევავსე აპლიკაცია, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. პარალელურად შევარჩიე უნივერსიტეტი.

- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნის გარდა, რა უნდა გაითვალისწინონ სტუდენტებმა?

- ალბათ, მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოაჩინონ საკუთარი თავი და დაანახონ საუკეთესო თვისებები.

- რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა შენთვის მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გააგრძელე სწავლა?

- პირველ რიგში, სწავლა ძალიან რთულია. ბრიტანეთში მაგისტრატურა მხოლოდ ერთწლიანია, ამიტომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გიწევს დიპლომისთვის. ბრიტანეთის განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება ქართულისაგან და ნამდვილად რთულია, უცებ გადაეწყო, ბევრ დაბრკოლებას აწყდები, თუმცა მარტო არ ხარ. სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ამ პროცესებს შენთან ერთად გადიან და ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით.

- მაია, რას ურჩევდი ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც შენსავით უნდათ სწავლის ბრიტანეთში გაგრძელება?

- პირველ რიგში, მზადება ადრევე დაიწყონ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინგლისურის უმაღლეს დონეზე ცოდნას. ასევე მნიშვნელოვანია აჩვენო ჩივნინგს, რატომ იმსახურებ ამ პროგრამაში მოხვედრას, დაანახო შენი საუკეთესო თვისებები და მოტივაცია, რომელიც გაქვს. ისინი ეძებენ ახალგაზრდებს დიდი მიზნებით.

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. გამოქვეყნდა გაზეთში "კუთხე" #1(ოქტომბერი,2023). ხელმძღვანელები: მაია ტორაძე,ლიანა მარქარიანი.

ეწვიეთ ჩვენს ფეიბსუქგვერდს