მე -მომავალი ანტრეპრენერი ავტორი : სალომე ჩაჩიბაია

„რამდენ მწვერვალსაც დაიპყრობ აღმასვლისას, მოგიწევს გაუძლო იმდენ დაცემასაც“ - ეს 17 წლის ზურაბ ანდღულაძის სიტყვებია.

ზურა ანდღულაძე 17 წლის ოზურგეთელი ბიჭია. ამ მცირე ასაკში უკვე მოახერხა და შექმნა ბიზნესსაგანმანათლებლო ჯგუფი „ვორქლაბი“, სადაც 14-იდან 18-წლამდე ახალგაზრდებს „ზრდის“ მომავალ ბიზნესმენებად. ზურა 9 წლის იყო, როცა ამ სფეროთი დაინტერესდა, 14 წლის ასაკში ინტერესი საქმედ აქცია და 2021 წლის ოქტომბერში 15 წლისამ ჩამოაყალიბა „ვორქლაბი“, სრულიად დამოუკიდებლად, სპონსორების გარეშე. ოზურგეთის ტექნოპარკმა შემდგომ სივრცე დაუთმო მას, დაიწყო „ვორქლაბმაც“ არსებობა და ორი წლის მანძილზე 150 მოსწავლე წარმატებით გადაამზადა.

„როცა მივხვდი, რომ სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებული მიზანი მქონდა, ვიფიქრე, ჩემნაირი შეხედულების მქონე რამდენიმე ახალგაზრდა უფრო ბევრ რაღაცას შეცვლიდა. ამიტომაც დავიწყე თანამოაზრეების შეკრება, რასაც საბოლოოდ „ვორქლაბის“ სახელი დაერქვა. თავდაპირველად სკოლის კლუბის სახე ჰქონდა, სულ 15 მოზარდი მუშაობდა. ხოლო ერთი კვირის შემდეგ ახალგაზრდების რიცხვი 50-ამდე გაიზარდა,“ - გვიყვება ზურა.

როგორც ყველას, ზურასაც არაერთი დაბრკოლება შეხვდა საქმიანობაში. მისი ასაკი უნდობლობას იწვევდა თანატოლებში, მათ ეჭვი ეპარებოდათ ზურას პროფესიონალიზმში. პირველივე შეხვედრის შემდეგ თანატოლების ნდობაც მოიპოვა და აქტიურად დაიწყო „ვორქლაბმაც“ მუშაობა.

ზურა მხოლოდ „ვორქლაბით“ არ დაკმაყოფილდა და თავის ბიზნესში ნელ-ნელა წინ გადადგა ნაბიჯები. 2022 წლის 14 იანვარს დააარსა საკუთარი ბიზნეს-სტარტაპი MAIძ-ი, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის რეკლამირებაში. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ჯერ ერთი წლისაც არ არის, ზურამ უკვე მოახერხა 20-მდე მოსწავლის გადამზადება, რომელთაგან ოთხს უკვე საკუთარი სტარტაპიც აქვს.

„შეცდომების დაშვებას არ მოვრიდებულვარ, პირიქით, ისეთ შეცდომას ვუშვებდი, რომელიც შემდგომ რაღაცას მასწავლიდა. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი მოსწავლე იყოს ბიზნესგანათლებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული. მე კი, მინდა ნაადრევ ასაკშივე მივიღო ცოდნა, ბიზნესის განხრით, რათა შემდგომ მეც ჩემი წილი აგური დავდო როგორც ჩემი რეგიონის (გურია), ისე ქვეყნის განვითარებაში“,- ამბობს ზურა.

მიუხედავად თინეიჯერობის ასაკისა, ზურამ მოახერხა მწვერვალის დაპყრობაც და განიცადა გადაულახავი პრობლემებისა და მარცხის სიმწარეც. მას დიდი გეგმები აქვს, არ აპირებს გაჩერებას, მიღწეულით დაკმაყოფილებას და სჯერა, რომ მიაღწევს სასურველ შედეგებს. მისი საქმიანობიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხოლოდ საკუთარ აღმასვლაზე არ ფიქრობს, ამ საქვეყნო და სასიკეთო საქმეში ცდილობს „ჩაითრიოს“ თანატოლების დიდი ნაწილი, მისცეს მათ მიზანი და უნარი მისი რეალობად ქცევისა. ზურამ ყველას დაუმტკიცა, რომ საქმიანობაში განმსაზღვრელი ასაკი არ არის, მთავარი მონდომება, შემოქმედებითობა, ნებისყოფა და თავდაუზოგავი შრომაა.

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. გამოქვეყნდა გაზთში "ვერიტას" #1(ოქტომბერი,2023). ხელმძღვანელები: მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი. ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.