საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე დგას - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის არ დანახვაც შეუძლებელია.
მიუხედავად მცირედი მატებისა ცალკეულ წლებში, მოსახლეობის რაოდენობის საერთო ტენდენცია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კლებისკენაა მიმართული. თუ გავითვალისწინებთ დაბადება-გარდაცვალების ნეგატიურ სალდოს და თანმდევად მაღალი მასშტაბის მიგრაციულ პროცესებს, ქვეყნის დემოგრაფიული რუკა თანდათანობით მცირდება, რაც არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკურ და სტრატეგიულ საფრთხეებსაც ქმნის.
დაბადებულთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა, სიკვდილიანობა - პანდემიური წლებისა და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების ფონზე - კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, ხოლო ემიგრაციაში წასული ათასობით ადამიანი თანადათან წყვეტს კავშირს საკუთარ ფესვებთან...
საქსტატის მიერ მოწოდებულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 1989 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1992 წელს იყო, რა დროსაც ქვეყანაში 5.467 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ხოლო ყველაზე მცირე - 2022 წელს – 3.688 მლნ ადამიანი.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 5-მილიონიან ნიშნულს 1994 წელს ჩამოსცდა, ხოლო 4-მილიონიანს - 2002 წელს.
შედეგად, დღეს საქართველოს წინაშე დგას მკაფიოდ ჩამოყალიბებული დემოგრაფიული დილემა: როგორ შეაჩეროს მოსახლეობის რაოდენობის კლება და ამავე დროს, უზრუნველყოს მისი სტრუქტურული სიმტკიცე - თაობათა შორის ბალანსი, შრომისუნარიანობის შენარჩუნება და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობა.
2024 წელს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა, რომლის წინასწარი შედეგების ნაწილი უკვე გასაჯაროვდა, თუმცა რადგან გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ექსპერტთა ნაწილი მის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, ჩვენ ეს მონაცემები სპეცპროექტის მომზადებისას არ გამოვიყენეთ.
გადავხედოთ იმ კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ განვითარდა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ბოლო ათწლეულებში და რას აცახდებენ ექსპერტები?
შობადობა-გარდაცვალება
მეტი თვალსაჩინოებისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა ციფრებში წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:
პარალელურად, ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 40-ათასიან ნიშნულს პირველად 2024 წელს ჩამოსცდა და 39 483 შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში შობადობა ყველაზე მაღალი 1990 წელს იყო - 92 815 ბავშვი. გამოდის, 34 წელში შობადობა 57.5%-ით შემცირდა.
პატრიარქის ინიციატივის გავლენა
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საყოველთაო ნათლობის იდეით გამოვიდა, რომლის თანახმადაც, ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს.
დემოგრაფიულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ამ პერიოდში შობადობის კუთხით მცირედი ზრდა იყო. თუ 2008 წელს ქვეყანაში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 52 442 შეადგინა, უკვე 2009 წელს 4 126 ბავშვით მეტი დაიბადა და 56 568 შეადგინა. თუმცა, მომდევნო წლებში ისევ კლების ტენდენცია წამოვიდა, 2014 წლამდე, რა დროსაც, წინა წელთან შედარებით 10 978 ბავშვით მეტი დაიბადა და 60 635 შეადგინა.
2014 წლიდან შობადობის კლება შეუქცევადი პროცესი გახდა.
რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 1989 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ყველაზე მეტი ადამიანი, 59 906 კაცი, 2021 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ეს პანდემიურ პერიოდს უკავშირდება. ასევე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი იყო 1993 წელს, ამ დროს ქვეყანამ 57 539 ადამიანის სიცოცხლე დაკარგა.
სოსო არჩვაძე, სტატისტიკოსი
“მოსახლეობის რიცხოვნობაში ნებისმიერი ცვლილება დემოგრაფიული ცვლილების ფორმაა. თვითონ მოსახლეობის მოცულობა არის ბუნებრივი და მექანიკური.
ბუნებრივი - ეს არის შობადობა და მოკვდავობა. მექანიკური კი - მიგრაციას გულისხმობს.
საქართველოში დაბადებულთა და გარდაცვალებათა შორის სხვაობამ ამ საუკუნეში - 2001-დან 2024 წლის ჩათვლით, მხოლოდ 5,8 ათასი შეადგინა. დაიბადა 1 283 400 ბავშვი და იმავე პერიოდში გარდაიცვალა 1 177 600 კაცი. ამასთანავე, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის¬ უარყოფითი სალდო, ანუ გარდაცვალებათა მეტობა დაბადებაზე, არის 31 800. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე დღეისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაა - ანუ ჩავთვალოთ, რომ 5 წელიწადში ერთი მუნიციპალიტეტისხელა მოსახლეობა დააკლდა საქართველოს მხოლოდ ბუნებრივი მოძრაობის გამო“.
რატომ შემცირდა შობადობა?
გიორგი მელაძე, დემოგრაფი:
“შობადობის შემცირება საქართველოში მოსალოდნელი იყო... დემოგრაფებისთვის ყოველ შემთხვევაში ასე იყო. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალების პოტენციალი არის ძალიან დაბალი. რეპროდუქციულ ასაკში მოიაზრება 15 – 49 წლის ასაკის ქალები. ამ ასაკის ქალები 90-იანი წლების შუა პერიოდში დაახლოებით მილიონ 200 000-ზე მეტი იყო. დღეს 800 000-ზე ცოტა მეტია, ანუ კლება არის დაახლოებით 400 000. ეს რ��� თქმა უნდა მოქმედებს შობადობაზე.
გარდა ამისა, შობადობაზე ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს - საყოველთაოდ ცნობილი გლობალური ფაქტორებია ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, რელიგიურობის გავლენა მოსახლეობაზე, ქალთა დასაქმება, ქალთა ემანსიპაცია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეამცირებდა, მაგრამ ის მაჩვენებელი, რაც შობადობაში ახლა დაფიქსირდა, მსგავსი საქართველოს 1935 წლის შემდეგ არ ახსოვს.
მსგავსი დაბალი მაჩვენებელი როგორც მახსოვს შესაძლოა 1942-1943 წელს ყოფილიყოს, თუმცა სხვა წლებში ასეთი დაბალი შობადობის მაჩვენებელი არასოდეს არ ყოფილა...
რაც შეეხება მოკვდავობას, მოკვდავობა გაიზრდება, ეს გამოწვეულია გლობალური დემოგრაფიული განვითარების შედეგად. საერთოდ, მოკვდავობას ზრდის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მატება და მაღალი ასაკის ადამიანების რიცხვის ზრდა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში.
საქართველოში დაბერების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ორჯერ აღემატება დაბერების ზღვარს - დაბერების ზღვარი არის 7%-მდე. 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა თუ არის 7% და მეტი, მოსახლეობა დაბერებულია. ჩვენთან ორჯერ და მეტჯერ არის დაბერებული. ეს გლობალური მოვლენაა და მოსალოდნელი არის დაბერებული მოსახლეობის მატება, რაც განაპირობებს სიკვდილიანობის მატებასაც.
მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება სიკვდილიანობა საქართველოში, იმიტომ რომ კიდევ უფრო გაიზრდება დაბერების კოეფიციენტი. ამას ამძაფრებს ის მომენტიც, რომ დღესდღეობით საპენსიო ასაკში (60-65 წელი), შედიან ის თაობები, რომებიც ფაქტობრივად 60-იან წებში დაიბადნენ. ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობის თაობა და ამის გამო, მომავალში უნდა ველოდოთ სიკვდილიანობის ზრდას“.
მიგრაცია
საქსტატის მიხევდით, 1989 წლიდან ყველაზე დიდი ემიგრაციული უარყოფითი სალდო 1994 წელს იყო, ამ წელს ქვეყანა 194 634 ადამიანმა დატოვა ისე, რომ უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე მაღალი იყო მიგრაციის მაჩვენებელი მომდევნო, 1995 წელს, რა დროსაც საქართველოდან ემიგრაციაში 176 326 ადამიანი წავიდა.
რაც შეეხება ბოლო წლებს, 2001 წლის შემდეგ, საქსტატის თანახმად, ყველაზე დიდი მიგრაციული მაჩვენებელი 2023 წელს დაფიქსირდა. ქვეყნიდან ჯამში 39 207 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, თუმცა ამ უწყებაშიც ამბობენ, ეს მხოლოდ დაახლოებითი მაჩვენებელია და ზუსტი მონაცემები არ აქვთ. ექსპერტთა ნაწილი კი გაცილებით დიდი რიცხვს ასახელებს.
• "2001-2024 წლის ჩათვლით, საქართველოდან გავიდა დაახლოებით 400 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა.."
სოსო არჩვაძე:
"2001-2024 წლის ჩათვლით, საქართველოდან გავიდა დაახლოებით 400 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა. შედარებისათვის: ეს არის დაახლოებით 150 ათასით იმაზე მეტი, ვიდრე იყო ტყვეთა გაყიდვის შედეგად საქართველოს დემოგრაფიული ზარალი მთელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში - XVII საუკუნის შუახანებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე.
ეს იმაზე მეტიც კი გამოდის, რამდენიც განიცადა საქართველომ ფიზიკური დანაკარგის სახით მეორე მსოფლიო ომში - ამ მშვიდობიან პერიოდში კი საქართველოდან გავიდა 400 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე შემოვიდა.
ეს კიდევ ყველაფერი არ არის. გადიან შედარებით ახალგაზრდები. გასულთა მედიანური ანუ საშუალო ასაკი 7-8 წლით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის შესაბამისი ასაკი, ბრუნდებიან უფრო ასაკოვანი და ნაკლებად შრომისუნარიანები. ეს არის მთავარი ფაქტორები და მთავარი გამოწვევა. ამიტომ, დემოგრაფიული პრობლემა გაცილებით მწვავეა და უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ადგილი, რომელიც საქართველოს უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტით თუ ზრდის ტემპით.
თუ არ იქნა საკმარისი რაოდენობა მკვიდრი აბორიგენი მოსახლეობისა, უკვე იმოქმედებს პრინციპი, რომელიც ქართულ ანდაზაშია კრისტალიზებული - "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო". ეს ფიგურალური ნათქვამია, მაგრამ არცთუ ისე შორეული მაჩვენებელი რეალობასთან დაკავშირებით. საქართველოში შემოდის სხვა ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე, ვიდრე გადის.
ეს ტენდენცია წლიდან წლამდე შენარჩუნებულია. სამწუხაროდ, საუკუნის დამდეგს სათანადო სტატისტიკის არარსებობის გამო ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არ არის და შესაძლოა ესეც არის იმის განმაპირობებელი, რომ დაუზუსტებელი მონაცემები არსებობს ემიგრაციაზეც. მაგრამ რომ ავიღოთ 2012 წლის შემდგომი პერიოდი, ამის მიხედვით საქართველოში შემოვიდა 272 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიდრე გავიდა. რამდენი იყო მანამდე და როგორია ფაქტობრივი მდგომარეობა, ძნელი საკითხავია."
"განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ადამიანები ოჯახებით გადადიან სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად..."
ნინო ხელაძე, სოციოლოგი
“2020 წელს მიგრაციის სალდო დადებითი იყო, ეს პირდაპირ კავშირში არის კოვიდის დროს დაბრუნებულ მიგრანტებთან. 2021 წელს მკვეთრად უარყოფითი იყო. რაც ნიშნავს, რომ დაბრუნებული ხალხი, კოვიდის დასრულების შემდეგ ისევ წავიდა მიგრაციაში. 2022 წლის მიგრაციის სალდო იყო ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი, დაახლოებით 54 000-ით მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. რომ ნახოთ ქვეყნების მიხედვით, ვინ შემოვიდა და ვინ გავიდა, აღმოაჩენთ, რომ ქართველებთან უარყოფითია ეს სალდო. იმ წელს სადღაც 100 000 ქართველი წავიდა ემიგრაციაში და დაბრუნდა დაახლოებით 54 000.
თუმცა რუსეთის 62 000 მოქალაქე შემოვიდა და 6 000 წავიდა. ანუ ის დადებითი მიგრაციის სალდო, რომელიც 2022 წელს დაფიქსირდა, პირდაპირ რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე იყო.
მონაცემების მიხედვით, წავიდა დაახლოებით 163 000 ადამიანი და მხოლოდ 92 000 დაბრუნდა სამშობლოში.
ეს მონაცემები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქართველებს ვგულისხმობ... რამხელა სხვაობაა ხომ? 70 000-ზე მეტი არის სხვაობა. რამხელა ციფრია წარმოიდგინეთ, ეს გულისხმობს მინიმუმ ერთწლიან მიგრაციას, თუმცა რამდენი ხანი გაგრძელდება მათი იქ ყოფნა არავინ იცის.
2024 წელს ასეთი სიხშირით აღარ არის გასვლა, იმიტომ რომ ვისაც გასვლა უნდოდა, ძირითადად 2023 წელს წავიდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მიგრაციის ტალღა შეჩერდა. ეს გრძელდება, მაგრამ არ არის ისეთი შოკური, როგორიც იყო 2023 წელს.
ასაკობრივ ჭრილში, ემიგრაციაში წასულ ქართველთა შორის 70% არის 30 წლამდე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახალგაზრდა, სამუშაო ძალის მქონე ადამიანები, ვინც დაასრულა უნივერსიტეტი და იწყებს კარიერულ წინსვლას, ვისაც აქვს პროგრესული ხედვები და ა.შ. ეს ადამიანები ვეღარ პოულობენ საკუთარ თავს ამ ქვეყანაში. მიზეზთა შორის შეიძლება იყოს დაბალი ხელფასები, შემოსავლები, სამუშაო ადგილების ნაკლებობა და ა.შ.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ადამიანები ოჯახებით გადადიან სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად.
14 წლამდე მიგრანტებში 43% არის წილი. შესაბამისად, ეს არის ქვეყნისთვის მთავარი სამუშაო ძალის დაკარგვა. ძალიან პრობლემატური საკითხია.
შობადობის შემცირება მიგრაციას იმ კუთხით შეიძლება დავუკავშიროთ, რომ როდესაც რეპროდუქციული ასაკის მქონე ადამიანები მიდიან ქვეყნიდან, იქ აჩენენ შვილებს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ფაქტობრივად, 1 მილიონი ქართველი არის ახლა მიგრაციაში წასული. ქართველების დაახლოებით მესამედი. თავისთავად ეს შობადობის მაჩვენებელს დაბლა წევს, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები ბავშვსაც ქვეყნის გარეთ აჩენენ.
10-15 წლის წინანდელ მონაცემებს რომ შევადარო, სამუშაო ძალა საქართველოში შემცირებულია. მართალია, ბოლო წლებში ცოტა იზრდება, მაგრამ ზოგადი მონაცემები მაინც შემცირებულია.
სამუშაო ძალას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, დასაქმებულები არიან ან 2 კვირის განმავლობაში შეუძლიათ დასაქმება. ასე ითვლება სამუშაო ძალა. 16-და 65 წლის ფარგლებში.
ეს რომ არ იზრდება და პირიქით, მცირდება, დიდწილად დამოკიდებულია მოსახლეობის შემცირებასთან ქვეყანაში.
როდესაც ამდენი ადამიანი არის მიგრაციაში, თავისთავად ვერ გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვი. ეს ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ექნება სულ უფრო ნაკლები სამუშაო ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრესული და ინოვაციური პროფესიები საქართველოში ვერ განვითარდება, ვინაიდან “ჭკვიანი ტვინები“ საკუთარ ადგილს უფრო საერთაშორისო კომპანიებში პოულობენ.
აქ კარგ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები მიდიან მიგრაციაში მომსახურების სფეროში, მაგალითად, კვალიფიკაციას იდაბლებენ იმის გამო, რომ იქ ანაზღაურება და ცხოვრების დონე არის მაღალი.
თუ ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ძირითადად დარჩება დაბალ კვალიფიციური კადრები და ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ შეძლეს ქვეყნიდან გასვლა, რაც უარყოფითად აისახება დოვლათზეც, ეკონომიკაზეც, სხვა სფეროებზეც“.