სევდიანი თვალების და დაკოჟრილი ხელების მიღმა მისი ლაღი გურული ბავშვობა იმალება. გურიაში გატარებული დღეები იმთავითვე კარგად ახსენდება. ბავშვობა ყველასთვის ტკბილია, თუმცა, ბევრი დაბრკოლებისა და ცუდი დღეების ფონზე ის დრო მისთვის განსაკუთრებულ წლებთან ასოცირდება, დრო, როდესაც თავისუფლებით, სილაღითა და ბავშვური გულწრფელობით გამოირჩეოდა.
გიორგი კეკელიძემ გურიას მოთხრობების კრებულიც მიუძღვნა. ბავშვობაში გადახდენილი ამბები ერთ წიგნად გააერთიანა. გურიის ხსენებისას თვალები განსაკუთრებულად უნათდება. გონებით იქ, "გაბიბინებულ" მინდორში ბრუნდება.
"უწყინარი ესეების კრებულია, რომელსაც თავის დროზე ჟურნალ ,,მასწავლებელში" ვაქვეყნებდი და მერე სხვა ორი ნაწილიც დაემატა მამაჩემის გარდაცვალების დარდზე. კაცი, რომელმაც ამ წერილების წიგნად აკინძვა მირჩია, პირსუკან მლანძღველთა შორის მოწინავეთა რიგებში ჩაგდა, მას შემდეგ, რაც გამოცემა ქართული რეალობისთვის არაადეკვატურად პოპულარული გახდა."
„გურია ჩემთვის არის ადგილი სადაც საკუთარ თავს შევხვდი როგორც ადამიანს, ადგილი სადაც საკუთარ თავს დავაკვირდი და დავაკვირდი დანარჩენ ხალხსაც“
ამ ადამიანის ბედი თითქოს წიგნებს დაუკავშირდა. 27 წლის ასაკში საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა. თანაც, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ნებსით თუ უნებლიედ პირველი იყო დანარჩენი დირექტორებიდან, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე 27 წლის ასაკში იწვნია.
„ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის მეხსიერებას, რომელიც გადატანილია წიგნებში, ამიტომ მეხსიერება არის ყველაზე მძლავრი, რაზეც დგას ქვეყანაც და ადამიანიც“
ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ჩემთვისაც ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გაზეთის - „ალმა მატერის“ პრეზენტაცია სწორედ ამ სივრცეში მოეწყო. ყველას, დიდს თუ პატარას ეს სივრცე საშუალებას აძლევს ნებისმიერი ღონისძიება გამართონ. გამოფენა იქნება ეს პრეზენტაცია თუ რაიმე სახის საქველმოქმედო ღონისძიება.
გიორგი კეკელიძის გახსენებისას იმთავითვე საჯარო ბიბლიოთეკა ან დახვავებული წიგნების გროვა გვახსენდება. შეუძლებელია მასთან საუბრისას ლიტერატურის დიდ, ჯადოსნურ სამყაროშ არ იმოგზაურო. ყველა მწერალი შენთვის ძალიან ახლობელი არ გახდეს. არ გაგიჩნდეს იმის განცდა, რომ ლიტერატურას დიდი ძალა აქვს. ლიტერატურის ახალგზარდა მცველს კი, იმაზე დიდი უნარი და სამომავლო გეგმები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.