დაუშურებელი აპლოდისმენტები კანის კინოფესტივალზე, ევროპული კინოაკადემიის გრძელ სიაში მოხვედრილი ქართული ფილმი და ცნობილი კინოკრიტიკოსების დაუფარავი სიმპათია ელენე ნავერიანის სცენარისადმი - ეს ეთეროს ისტორიაა, წიგნის ფურცლებიდან - დიდ ეკრანამდე, რომელმაც ბევრი აალაპარაკა.
ელენე ნავერიანის მიერ, თამთა მელაშვილის რომანის “შაშვი შაშვი მაყვალის” მიხედვით, გადაღებული ფილმის პრემიერა საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე, მაისში შედგა. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, რასაც დარბაზში მყოფთა ოვაციებიც მოწმობს. ევროპელი მაყურებლიდან ფილმმა ქართველ მაყურებლამდე ცოტა ხნის წინ მოაღწია. მისი პრემიერა საქართველოში 12 ოქტომბერს გაიმართა.
ნავერიანის ეკრანიზაცია ასახავს ქალის იდენტობას. ეს თემა კი თითქოს ტაბუდადებულია ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომ ორმაგი ინტერესი და მოლოდინი ჰქონდა მკითხველს - ენახა ეთეროს ისტორია ეკრანზე. ფილმის მთავარი გმირი, შუახნის ქალი, სახელად ეთეროა, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და იქვე, მაღაზიაში მუშაობს. მისი ცხოვრება ერთფეროვანია, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ ყველა ფილმში ხდება, ერთი დღე ყველაფერს შეცვლის. ეთერო სიკვდილს ჩახედავს თვალებში და მისი შიშით შეძრული “სარისკო” გადაწყვეტილებას იღებს – სიყვარულის მოულოდნელ თავგადასავალში ეხვევა. თუმცა, არ გეგონოთ, რომ კლასიკურ რომანტიკულ მელოდრამასთან გვაქვს საქმე, ფილმს ბევრი შრე აქვს. ეთეროს ისტორია ბევრი ქალის ისტორიას ჰგავს, იგი განზოგადებულია, რადგან ეთერო ყოველთვის არსებობს, ყველა საზოგადოებაში.
ფილმი, როგორც წიგნი, შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ, ეთეროს ისტორია მოძალადე მამისა და ძმის გვერდით და მათ გარეშე. Gგანსხვავება თვალშისაცემია, მეორე ნაწილში ქალი ნამდვილად იწყებს ცხოვრებით ტკბობას. იგი იწყებს ცხოვრებას საკუთარი ცხოვრებით, იქ, სადაც ყოველგვარი გენდერული წესი წინასწარ არის განსაზღვრული. ალბათ, კანის კინოფესტივალზე ეს საკითხი არც გაჰკვირვებიათ, რადგან რამდენიმე წლის წინ ამ თემას სწორედ ამ ადგილას აპროტესტებდნენ. მატრიარქატის დაკნინებისა და თავზემოხვეული პატრიარქატის ამოუწურავი პრობლემა დღესაც საკმაოდ აქტუალურია და ამას წელს, დაჯილდოებაზე წარდგენილი სხვა უცხოენოვანი, ძირითადად “მესამე სამყაროს” ფილმებიც ცხადყოფდნენ.
ფილმში კარგად ჩანს ის დრომოჭმული შეხედულებები და ქცევის წესები, რომლებთა დაცვასაც საზოგადოება ქალისგან ითხოვს. შუახნის შინაბერა ქალი წამდაუწუმ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოეწონებათ სხვებს, როგორ გამოჩნდება იგი სხვის თვალში. ეთეროსთვის და მისი მსგავსი ქალებისთვის როლი წინასწარ არის გაწერილი. ის დიდი ხნით ადრე დაიწერა, დაკანონდა და ქალის პიროვნებად ჩამოყალიბდა. თუ ამ როლს არ მოერგები ან სამუდამოდ გარიყული დარჩები, ან საზოგადოება შენს ჩარჩოებში ჩასმულ პერსონას მოიწონებს და მათ სრულფასოვან წევრად მიგიღებს. სწორედ ამიტომ, პერსონაჟის მონოლოგი მიმართულია იმისკენ, რომ ხალხთან თავისი ქმედებების გამო ბოდიში მოიხადოს, პერსონაჟი სულ ამაზე ფიქრობს. Uუნდა ითქვას ისიც, რომ სტერეოტიპები ასე უბრალოდ არ ჩნდება და მას საფუძველი აქვს. თავს იჩენს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ეს განათლების ნაკლებობაა. მთავარი ბარიერი ეთეროსთვის ის არის, რომ მას მწირი განათლება აქვს, ამას იგი თავს ვერ აღწევს და საზოგადოებაშიც ვერ იმკვიდრებს საკუთარ ადგილს. იგი მათ მიერ გაწერილი როლით თამაშობს სპექტაკლში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ამიტომ ეთერო გარიყულია. იგი არის სახე საზოგადოების შეხედულებებისა. პერსონაჟი მათი აღქმების ტყვეა და ვერ თავისუფლდება. იგი ხმის ამოღებას მხოლოდ საკუთარ თავთან, მხოლოდ საკუთარ თავში ახერხებს.
“შაშვი შაშვი მაყვალი” ქართული კინოს ახალი ხმაა. ზოგადად, ქართველი ქალი რეჟისორების ფილმები ძალიან პირადი, მგრძნობიარე, გამორჩეული და ინდივიდუალურია, ფონად კი ქალ-შემოქმედად ყოფნის სიძნელე გასდევს პატრიარქალურ საზოგადოებაში. “შაშვი შაშვი მაყვალის” რეჟისორიც არ ღალატობს ტრადიციას, თუმცა ნავერიანი ეხება ისეთ თემას და იღებს მას ისეთი რაკურსით, როგორითაც ჯერ არავის გადაუღია საქართველოში. მუდამ სხვების აზრებზე მოფიქრალი ეთეროდან ძერწავს ქალს, რომელიც აღარავისზეა დამოკიდებული. აქ სიცოცხლე იმარჯვებს გენდერულ როლებზე. წიგნის ავტორისა და შემდეგ ფილმის რეჟისორის მიერ გადადგმული ეს თამამი ნაბიჯი, თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. თუ ვინმე პერსონაჟის მსგავს მარწუხებშია მოქცეული, ფილმი აძლევს საშუალებას, დაფიქრდეს და თავისი ცხოვრება სხვა პრიზმიდან დაინახოს. წიგნის ფურცლებზე და კინოს ეკრანზე ეთერო ერთი და იმავე პრობლემებით ცხოვრობს. მისი ისტორიის გაგების შემდეგ კი გვინდა, ჩვენც რეალურ ცხოვრებაში არ მოგვიწიოს მსგავსი “ტვირთის ტარება”.
მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. გამოქვეყნდა გაზთში "ვერიტას" #1(ოქტომბერი,2023). ხელმძღვანელები: მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი. ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.