,,იყო ავთენტური ნიშნავს - იყო ნამდვილი, გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ. ეს ნიშნავს - თქვენი უნიკალური ხმის, სურვილების, ოცნებების, ინტუიციის პატივისცემას, განსჯის ან უარყოფის შიშის გარეშე,“ - ამბობს 22 წლის ა.დ, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს. მიზეზებს კი, თუ რატომ დარჩა ანონიმურად, აქვე განავრცობს.
საქართველოში ლგბტ თემის მიმართ არსებული დამოკიდებულება საკმაოდ მწვავეა. ვითარებას ხელს უწყობს ის, რომ ცოდნა, მათი ისტორიისა და რეალური ვითარების შესახებ, მწირია. ამ ყველაფერს ემატება მითები, რომელთა ჭეშმარიტებისაც საზოგადოებას ბრმად სწამს. მაგალითად, მიაჩნიათ, რომ: იყო გეი, ეს ცხოვრების წესის ინდივიდუალური არჩევანია; ჰომოსექსუალობა `გეი პროპა განდის” შედეგია; ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქა რთველომ ერთი სქესის პირთა ქორწინება უნდა დააკანონ ის. ლგბტ პირები ქართულ ტრადიციებს ანადგურებენ; სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფით დამოკ იდებულებას, სწორედ, ეს მითები ამყარებს. თუმცა, ჩამონა თვალშივე ჩანს, რომ ეს მითები უფრო ფართო ნარატივის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ უფლებადამცველთა ნიღაბს ამოფარებული ადამიანები ქართული ტრადიც იების განადგურებას ცდილობენ. ზემოთქმული მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ მიზეზებისა, რომელთა გამოც ხშირად ლგბტ ადამიანების სიცოცხლე იწირება.
„სხვების იმედგაცრუების შიში შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. 13-14 წლამდე ვხვდებოდი, რომ „სხვანაირი” ვიყავი, სხვებს არ ვგავდი, მომწონდა დედას კაბები, ჩემი დის სუნამოები. გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგ კი უკვე გააზრებულად ვიცოდი ვინ ვიყავი და რა მინდოდა. ძალიან შემეშინდა აღიარების. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მაშინ ჩემი ოჯახიც და მშობლებიც ისინი იყვნენ”, _ ამბობს ის.
რესპონდენტის თქმით, ხშირად საკუთარი ვინაობის და ნამდვილი "მეს” არგამხელით, ადამიანები საკუთარ მისწრაფებებსა და ოცნებებს ითრგუნავენ მხოლოდ იმისთვის, რომ გარშემომყოფებს ეგო არ დაუმსხვრიონ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ შინაგან არეულობასა და დანაკლისის შეგრძნებას იწვევს. "ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს მისივე ნების შესაბამისად. როდესაც ცხოვრობ კლიშეებითა და სტერეოტიპებით გაჟღენთილ საზოგადოებაში, თითქმის შეუძლებელიც კია, იყო განსხვავებული, გქონდეს სხვანაირი შინაგანი სამყარო. ჩემნაირი ადამიანების მიმართ მიმღებლობა თითქმის არ არსებობს. სწორედ ამ დროს ჩნდება შიში იმისა, რომ სიმართლის გამხელით ოჯახის წევრებს იმედს გაუცრუებ. მათი იმედების გაცრუებას კი მოჰყვება დაუსრულებელი დარდი იმაზე, თუ რას იტყვიან მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები. იტყვიან რომ დედ-მამას ვერ გავუზრდივართ. ყველაზე საშინელი ისაა, სიბრალულის შეგრძნებას რომ ხედავ ნაცნობთა თვალებში, რომლებიც პირდაპირ ვერაფერს ამბობენ, მაგრამ ზურგსუკან განიხილავენ, თუ როგორი საცოდავია ჩემი ოჯახი, რადგან "ასეთი” შვილი ჰყავთ. რეალურად კი არავის სიბრალული არ მჭირდება, არც გამხნევება. მხოლოდ იმის გააზრებაა საჭირო, რომ მეც მათნაირი ადამიანი ვარ, ჩემი ღირსებითა და ფასეულობებით, რომ მეც ისევე მიყვარს ცხოვრება, საკუთარი ქვეყანა, მეგობრები, ოჯახი, როგორც მათ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მიხვდნენ, სიყვარული – სიყვარულია“, – აღნიშნა ა.დ-მ.
დედასა და დას მალევე გაუმხილა თავისი ორიენტაცია. მამას კი დღემდე ვერ ეუბნება: "მახსოვს დედას დავურეკე 3-4 წლის წინ, მინდოდა სპონ ტანურად და ზედმეტი შესავლების გარეშე მეთქვა და ვუთხარი, დედა, მგონი გეი ვარ-მეთქი. მან კი მიპასუხა, გადმომირეკე, როცა ზუსტად გეცოდინებაო და ტელეფონი გამითიშა. რამდენიმე წუთით ადგილზე გავშეშდი, თუმცა მისმა ზარმა არ დააყოვნა და მითხრა, რომ პირადად გველაპარაკა ამ თემაზე. მის ხმაში, რა თქმა უნდა, სევდა მაშინვე შევნიშნე. საუბრისას კი თქვა, რომ დედას შვილი უპირობოდ უყვარს. მერჩივნა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ შენი ცხოვრებაა და მე, როგორც დედა ყვოველთვის შენს გვერდით ვიქნებიო. მახსოვს ის შეგრძნება, მეგონა ისე გავძლიერდი, მთებს გადავდგამდი. რაც შეეხება მამას, მას მძიმე ხასიათი აქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, მან არ გაიგოს”.
ის ამბობს, რომ ამჟამად მშვიდად ცხოვრობს და კარგი ურთიერთობა აქვს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. თუმცა, არ უნდა საჯაროდ მისი ორიენტაციის დაფიქსირება, რადგან ფიქრობს, რომ ეს არ არის სასაუბრო თემა იმ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანები ღიად და დაუფარავად უსურვებენ სიკვდილს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს: "ხანდახან ვფიქრობ, საიდან დაგროვდა ხალხში ამდენი ზიზღი და ბოროტება. ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, როგორ შეიძლება უსურვო სიკვდილი და უშვერი სიტყვებით ლანძღო, მით უმეტეს, როდესაც სრულიად უცნობია. ჩემზე დიდად არ უმოქმედია ხალხის განწყობას, თუმცა არსებობენ სუსტი ფსიქიკის ადამიანები, რომლებზეც ეს სიტყვები ხშირად ისე მოქმედებს, რომ გამოსავალს მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავენ. სიტყვას შეუძლია ერთ წამში დაანგრიოს და დააბეჩავოს ადამიანი, მოუკლას შინაგანი სამყარო, სურვილები, ოცნებები. ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩარევა. არავინაა ვალდებული სხვისი მოლოდინებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იცხოვროს. ერთმანეთის მიმღებლობა და სიყვარული ბევრად მარტივია, ვიდრე სიძულვილი. ხშირად ჩემნაირ ადამიანებს ავადმყოფებსაც ეძახიან. ხშირია შეძახილები "რაც უნდა ის აკეთონ, მაგრამ ქუჩაში ნუ გამოდიან, გარყვნილების ნორმად ქცევა უნდათ”. ადრე გული მწყდებოდა, ყველა სიტყვა გულთან მიმქონდა, შემდეგ შევეჩვიე კიდეც. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. სასირცხვილო არაფერია იმაში, რომ გეი ვარ. ამის გამო თავს ცუდად არავის წინაშე არ ვიგრძნობ. ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და სხვის საქმეში არ აფათურონ ხელები. გამიმართლა, რომ ჩემი თაობის უმეტესობა საღად აღიქვამს ვითარებას და გმობს სიძულვილის ენას. ალბათ, დროთა განმავლობაში, სხვებიც მიხვდებიან, რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ისინი. საკუთარი თავის პოვნის გზას ვინც ახლა გადის, მათ ვეტყოდი, რომ საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევთ, მაგრამ ეს იქნება გზა საკუთარი თავის აღმოჩენისა. ხელოვნებაა გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს პიროვნებას. დროთა განმავლობაში კი დრომოჭმული აზრი, რომ ჩვენ ბავშვებს ვრყვნით და ოჯახს ვარცხვენთ, აუცილებლად ჩაბარდება წარსულს”, – განმარტა მან
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თანასწორ გარემოში, ისარგებლოს თანასწორი უფლებებით განურჩევლად: რასის, სქესის, ორიენტაციისა და აღმსარებლობისა. მათ აქვთ უფლება, იგრძნონ თავი ღირსეულ მოქალაქედ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. განსხვავებული ორიენტაცია არც განაჩენია და არც ავადმყოფობა. არავის აქვს უფლება, დაუწესოს ადამიანს საზღვრები. ჩვენი რესპონდენტი კი არის ხმა სხვა ადამიანებისთვის. ხმა იმისა, რომ ყველას შეუძლია აირჩიოს საკუთარი მომავალი. ხმა იმისა, რომ ყველას აქვს საკუთარი თავისა და სხეულის სიყვარულის ნიჭი.
მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. გამოქვეყნდა გაზთში "ვერიტას" #1(ოქტომბერი,2023). ხელმძღვანელები: მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი. ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.