„როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“. - საპარლამენტო უმრავლესობა. 2023 წლის 9 მარტი
„საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია“. - საპარლამენტო უმრავლესობა. 2024 წლის 1-ელი აპრილი
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მით უფრო, 2023 წლის მარტის მასშტაბური აქციების გათვალისწინებით, რის მერეც ხელისუფლება იძულებული გახდა კანონპროექტი, რომელიც იმთავითვე „რუსულად“ შეფასდა, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, უკან გაეწვია.
ხელისუფლების არგუმენტები
„ქართული ოცნება“ კანონპროექტის დაბრუნებას გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ვისგან იღებენ დაფინანსებას - რისთვის, რამდენს და რაში ხარჯავენ. ამასთანავე, "ქართული ოცნების" ლიდერები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, ევროკავშირი აპირებს მიიღოს მსგავსი კანონი და რატომ არა აქვს საქართველოს უფლება, რომ მსგავსი კანონი აქაც მოქმედებდეს.
„აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის, არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კრიტიკის საპასუხოდ გერმანიაშია ვიზიტისას, მათ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 აპრილს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი „სახე გამოაჩინა“ და საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უქმნის.
„ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა და დღევანდელ ცხრა რეკომენდაციაში წერია. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი… „ქართულ ოცნებას“ არც ქართული და არც ევროპული სულისკვეთება აქვს. „რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ“.
„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
„ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს...
ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროებთ. რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება. ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.
რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“ - ხელმომწერების სია
ოპოზიციის გამოხმაურება
საერთაშორისო გამოხმაურება:
ევროკავშირის პრესსპიკერი პეტერ სტანო:
„ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი:
„ეს (კანონპროექტის ხელახალი ინიცირება - რედ.) რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მთელ ძალისხმევას. საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად… სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს, თბილისს ვსტუმრობდი, და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა. და ქართველმა ხალხმა ასევე მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატიული აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ასე რომ, ნებისმიერი კანონი, რომელიც უცხოური აგენტების ამ იდეას დანერგავს, ვშიშობ, რეალურად იქონიებს გავლენას საერთაშორისოდ, და ასევე საქართველოში მოქმედ ბევრ მედიასაშუალებაზე და ძირს გამოუთხრის იდეას, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება“.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო: „ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, შეფასებულნი არიან როგორც „ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ძალის ინტერესებში მოქმედებენ. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“.
22 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება:
12 ევროპული ქვეყნის განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ირლანდიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები:
„გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ, როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტისა და დაფინანსების მქონე სექტორის რეპუტაცია. ხაზს ვუსვამთ, რომ მისი ხელახლა ინიცირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის; ამას [რუსული კანონის ხელახლა ინიცირება - რედ.] აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო; შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ის გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ მათგან მხოლოდ 3 შეასრულა; ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობას, ხოლო 1-ლი ნაბიჯი გულისხმობს საქართველოს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის მზაობას და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს”.
საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი:
"მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონპროექტი არ არის შეერთებულ შტატებში არსებული კანონის მსგავსი, შეერთებული შტატები მიესალმება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომლებსაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ხალხთან და მთავრობასთან ხელჩაკიდებული და მხარს უჭერს საქართველოს ევროპული გზას“.
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში:
„დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების სავარადო ჩარევას… შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ იქნება მიღებული, შეაფერხებს საქართველოს მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების შესაძლებლობას, გააგრძელონ ქვეყნის დახმარება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი:
„ჩვენ მსგავსი გეგმების (იგულისხმება კანონპროექტის მიღება - რედ.) შესახებ ოპოზიციის საკმაოდ მკვეთრ რეაქციას ვხედავთ. მაგრამ, ალბათ, მათ მისი რუსეთის პროექტად მიჩნევის მცდელობის აბსურდულობა უნდა ავუხსნათ. ფაქტია, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხოურ აგენტებთან ბრძოლის სისტემა მოიფიქრა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ახლა მათ თითქმის ყველა ქვეყანა ებრძვის, მათ ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, ფულს იღებს ან უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება".
"თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მთავარი, რაც "მომიტინგეებს“ არ მოსწონთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, არის ის, რომ, ხედავთ, ეს არის "რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა. სხვათა შორის, ერთი წლის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის, პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული "კმაყოფილება“ გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა პროექტი გაიწვია. იმის გამო, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი "ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებელი“ იყო. მართალია, ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა ატლანტის ოკეანე არ არის, Georgia - საქართველო არ არის, სახელების მსგავსების მიუხედავად“.
ვის აქვს ე.წ. აგენტების კანონი და ვინ აპირებს მიღებას?
2014 წელს ყირგიზეთის პარლამენტში შევიდა ანალოგიური კანონპროექტი და მხოლოდ წელს, 2024 წლის მარტში მოახერხა ამ ქვეყნის პარლამენტმა მისი მიღება. ის აწესებს შეზღუდვებს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან და ანიჭებს „აგენტის“ სტატუსს. ეს კანონიც რუსული კანონის ანალოგია. ევროპაში უნგრეთს უკვე აქვს ანალოგიური კანონი, რომელიც ორბანის მთავრობამ დაამტკიცა და მკაცრ შეზღუდვებს აწესებს საერთაშორისო დაფინანსების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამ კანონის მიღებას ძალიან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდან. ორბანი კი ამ გადაწყვეტილების გამართლებას სწორედ იმით ცდილობს, რომ აცხადებს - თუკი აშშ-ს აქვს „ფარა“, უნგრეთს რატომ არ უნდა ჰქონდეს ანალოგი.
უნგრული კანონი „უცხოურ დაფინანსებაზე“
არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ლათინური დასახელებით, Lex NGO-ს სახელით იცნობს, ბუდაპეშტმა 2017 წელს მიიღო.
ცვლილებამ დაავალდებულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების სახით 7,2 მილიონ ფორინტზე, ესე იგი, დაახლოებით 27 ათას ამერიკულ დოლარზე მეტს იღებდნენ უცხოეთიდან, ყოველწლიურად გაევლოთ დამატებითი რეგისტრაცია სახელმწიფო უწყებებში და მიეთითებინათ, რომ „უცხოეთიდან დაფინანსებულები“ იყვნენ.
ავტორების თქმით, ეს კანონი ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას და, ამასთან, იქნებოდა ეფექტური მექანიზმი ფულის გათეთრების წინააღმდეგ. სიტყვა „აგენტი“ უნგრეთის კანონმდებლობის დასახელებაში მითითებული არ ყოფილა, თუმცა პოლიტიკოსები ხშირად იყენებდნენ. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 18 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შეზღუდვები არასამთავრობოების უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ „ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონმდებლობას“. სასამართლომ უარყო უნგრეთის არგუმენტები მეტი გამჭვირვალობის შესახებ და დაადგინა, რომ შეზღუდვები შეეხება განურჩევლად ყველას და არა მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც „არსებითი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ დისკურსზე“. სასამართლოს თანახმადვე, კანონი არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს. უნგრეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების შესაძლო ამოქმედებაზე მინიშნების ფონზე, განაცხადა, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებოდა და კანონმდებლობას წესრიგში მოიყვანდა. თუმცა მხოლოდ 9 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში წარადგინა ცვლილებები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობა უნდა განახლებულიყო. ცვლილებები ძალაში იმავე წლის ივლისიდან შევიდა. ახალი კანონით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა შემოწმება არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც 55 000 ევროზე მეტს იღებდნენ. ცვლილებებმა ასეთი პრაქტიკისგან დაიცვა მხოლოდ სპორტული, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.
სლოვაკეთის მთავრობის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა მწვავე შიდა თუ საგარეო კრიტიკა და მოუწოდებენ მთავრობას, არ გაჰყვეს ორბანის გზას. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ევროკავშირში დაწყებულია ამ საკითხზე მსჯელობა და ზოგან კანონპროექტიც არის ინიცირებული. ეს კანონები, როგორც წესი, მოდელირებულია აშშ-ის FARA-ს ძირითადი კანონმდებლობის მიხედვით. ამიტომ ვიდრე ამ ქვეყნების მოდელებზე ვიმსჯელებთ, მოკლედ წარმოგიდგენთ, თუ რატომ მიიღო FARA აშშ-მა და შემდეგ რა მოდიფიცირება განიცადა, რათა შედარება გამარტივდეს.
ამერიკული FARA
პირველ რიგში, მისი მისი მიზანი იყო, რომ ნაცისტურ და საბჭოთა პროპაგანდისტებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაესაჯაროებინათ. ისინი აქტიურობდნენ მეორე მსოფლიო ომის წინ. კანონის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამოავლინოს ისინი, ვინც აშშ-ის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე უცხო მთავრობების და პოლიტიკური პარტიების სახელით, გავლენის მოხდენას ცდილობენ.
შემდგომ წლებში კი FARA რამდენჯერმე მოდიფიცირდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კონკრეტულად, 1966 წელს გაფართოვდა ე.წ. ”უცხოელი დირექტორატის“ (foreign principal) ცნება - ანუ იმ პირთა წრე, ვინც უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებდნენ ქვეყნის შიგნით. 1995 წელს ამოქმედდა ე.წ. „ლობისტური გამჟღავნების“ აქტი (The Lobbying Disclosure Act - LDA), რომელმაც ფედერალურ დონეზე ლობისტების რეგისტრაციის სისტემა ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ LDA არის ცალკე აქტი და ცალკეულ საკითხებში ფარავს FARA-ს, მაინც ვერ ცვლის მას და რეალურად, ამ აქტით შემოღებულია პარალელური რეგულაციები ლობისტური საქმიანობისთვის, რაც დღემდე კრიტიკის საგანს წარმოადგენს ქვეყნის შიგნით სწორედ ამ გაორმაგების გამო. 2007 წელს მიიღეს ე.წ. „პატიოსანი ლიდერობისა და ღია მმართველობის აქტი“ (The Honest Leadership and Open Government Act – HLOGA), რომელმაც რამდენიმე დამატებითი მოთხოვნა გააჩინა ლობისტების რეგისტრაციასა და აქტივობების გამჟღავნებაში. მიუხედავად იმისა, რომ HLOGA ძირითადად ორიენტირებული იყო ლობირების აქტივობებზე, ასევე შეეხო FARA-ს რეგისტრატორებს და დაუწესა დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნები გარკვეული ტიპის ლობისტური საქმიანობისთვის.
2019 წელს დამტკიცდა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ (The National Defense Authorization Act - NDAA 2019), რომელიც მოიცავს ისეთ დებულებებს, რაც მიზნად ისახავს FARA-ს აღსრულების გაძლიერებას და აშშ-ს პოლიტიკაში საგარეო გავლენებთან გამკლავებას.
ამ აქტმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს (DOJ), რომელიც პასუხისმგებელია FARA-ს აღსრულებაზე, მისცა დამატებითი რესურსები, გამოიძიოს და აღასრულოს FARA-ს დარღვევები და გაამკაცრა ჯარიმები FARA-ს რეგისტრაციისა და გამჟღავნების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ცვლილებას უძღოდა აშშ-ში მტრულად განწყობილი გარე ძალების ჩარევის ფაქტები ამერიკის შიდა პოლიტიკაში.
კანონის მოთხოვნები ასეთია:
- უცხო ქვეყნის მთავრობების, სამთავრობო უწყებების სახელით მომუშავე პირებმა უნდა გაამჟღავნონ საკუთარი ურთიერთობები ამ უცხოელ მმართველებთან და ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ;
- მათ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში უნდა შეიტანონ ანგარიშები და მთავრობას მათი საქმიანობის შესახებ მუდმივად მიაწოდონ ინფორმაცია, სანამ არ დასრულდება მათი ასეთი წარმომადგენლობა ან აგენტის სტატუსი;
- იმ აგენტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების შემთხვევაში, მიზანმიმართულად არ დარეგისტრირდებიან და დაარღვევენ ამ კანონს, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. თუმცა, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება და შეხსენება იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან, რომ დარეგისტრირდნენ და, თუკი მაინც არ ხდება ვალდებულების შესრულება, მაშინ იუსტიციის დეპარტამენტი მათ საქმეს გადასცემს სასამართლოს.
FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას. აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული/არასამთავრობო ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები და მათი დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების „ფილიალებია“.
"ამერიკის ბარის ასოციაციის" წარმომადგენელი მეთიუ სანდერსონი, რომელიც აშშ-ში FARA-ს რეფორმირებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურისტია, „ამერიკის ხმასთან“ განმარტავს, რომ „იუსტიციის დეპარტამენტი კონკრეტულად ამბობს, რომ უცხო ქვეყნიდან მიღებული მხოლოდ დაფინანსება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ FARA ამოქმედდეს. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ არ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სამიზნედ ქცევა, ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მთავრობა ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება... ამასთან, სანდერსონი, ისევე, როგორც სხვა ბევრი მაღალი დონის აღიარებული სპეციალისტი, აღნიშნავს, რომ „კანონის ტექსტი რეალური ასლი რომც იყოს, თუ საერთო სურათის და ისტორიის გათვალისწინება არ მოხდება, ის სხვა ქვეყანაში ვერ იქნება ამერიკული კანონის ექვივალენტი“.
ქართული კანონპროექტი და ამერიკული FARA
ქართული კანონპროექტის რეგულაციები კონკრეტულად ასეთია:
უცხოურ ძალად ითვლება:
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
FARA-ს მიხედვით კი, განმარტება „უცხო ძალა“ (Definition of "Foreign Principal" (22 U.S.C. § 611(c)) ეხება უცხო ქვეყნის მთავრობას, პოლიტიკურ პარტიას, როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურს, სამთავრობო უწყებებსა და სამთავრობო სუბიექტებს, ორგანიზაციას ან ინდივიდს, რომელიც მოქმედებს უცხოური მთავრობის ან პოლიტიკური პარტიის სახელით და თუკი ისინი მოქმედებენ აშშ-ს პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით.
თუ ქართული ვარიანტის ამ მუხლს შევადარებთ FARA-სათანადო მუხლს, განსხვავება ცალსახაა. ქართულ ვარიანტში „უცხოურ ძალად“ მიჩნეულია როგორც უცხო სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, ყოველგვარი განმარტების და მითითების გარეშე, განსხვავებით, ამერიკული კანონისგან.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიიჩნევა:
- ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ეს სტატუსი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს), რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ამ კატეგორიაში არ ხვდებიან სამთავრობო ააიპ-ები, სპორტული ფედერაციები და სისხლის დაწესებულებები;
- მაუწყებლები, ბეჭდური მედიასაშუალებები და ინტერნეტმედია (ვებგვერდები), რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ეს 20% იანგარიშება რეკლამიდან მიღებული შემოსავლის გამოკლებით დარჩენილი თანხიდან.
აქ არსებითია ის, რომ
- უცხო ძალის მხრიდან მიღებულ შემოსავლად ითვლება, თუ ზემოთჩამოთვლილმა სუბიექტებმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი და ასევე, მიიღეს შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
- შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
დაფინანსების კომპონენტი საერთოდ არ არსებობს ამერიკულ კანონში.
სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია
- თუ ორგანიზაცია ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იანვარში უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს, რეესტრი 2 დღეში მისცემს სათანადო საიტზე დაშვებას და შემდეგ 10 დღეში უნდა შეავსოს დეკლარაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემებს - განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი; განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი; ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ; ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
- სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში;
- განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად შევსების შემთხვევაში ეძლევათ 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და მერე 5 დღეში მიენიჭებათ უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლის სტატუსი;
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმდება. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობა დაჯარიმდება 10 000 ლარით და 1 თვეში განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარით;
- ჯარიმა არ ათავისუფლებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისგან;
- ამ მოთხოვნებს 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს.
ჯარიმის ნაწილს ამერიკული FARA-ც ითვალისწინებს. ამერიკული კანონმდებლობით, FARA-ს მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) არის პასუხისმგებელი FARA-ს აღსრულებაზე და მას აქვს უფლება გამოიძიოს პოტენციური დარღვევები, აიძულოს რეგისტრაცია და განახორციელოს სამართლებრივი ქმედებები იმ ფიზიკური პირების ან სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც არ ასრულებენ FARA-ს მოთხოვნებს. ფულადი ჯარიმა განსაზღვრულია 10 000 დოლარით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 5 წლამდე პატიმრობით, რომელსაც სასამართლო წვეტს.
ავსტრალია
ავსტრალიამ, აშშ-ის FARA-ს ანალოგით, 2017 წელს შეიმუშავა, შემდეგ მოდიფიცირება მოახდინა და 2018 წელს მიიღო „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი“ (Foreign Influence Transparency Scheme Act – FITSA).
ის გამოსვლებში ღიად ასახელებდა ჩინეთის ჩარევას, რასაც მალე მოჰყვა ავსტრალიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ჩინეთის ხელისუფლებასთან კორუფციული კავშირების გამო. კერძოდ, ლეიბორისტული სენატორი სემ დასტიარი იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი მხარს უჭერდა ჩინეთის პოზიციებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე საკუთარი პარტიის პოლიტიკის წინააღმდეგ, ჩინელ ლობისტთან, ჰუანგ სიანგმოსთან შეხვედრის შემდეგ.
სწორედ ამ საკითხმა გაააქტიურა FARA-ს ანალოგის მიღების საკითხი. FITSA-ს ნორმების ფორმულირებისას პროკურატურის დეპარტამენტს ჰქონდა მჭიდრო კონსულტაცია ამერიკელ კოლეგებთან იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს FARA პრაქტიკაში და ითქვა, რომ „ფარული საგარეო გავლენა ავსტრალიის პოლიტიკურ პროცესზე“ იყო მთავარი საზრუნავი ფორმულირების დროს.
FITSA სამჯერ შეიცვალა - 2018, 2019 და 2023 წლებში. პირველი ორი ცვლილებისას გაუმჯობესდა დებულებები ანგარიშვალდებულების და საკომუნიკაციო საქმიანობების განმარტებებთან დაკავშირებით. ბოლო შესწორება კი იყო უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის, საჯარო რეესტრში ინფორმაციის მითითებასთან დაკავშირებით.
FITSA-ს პრინციპები ასეთია:
- დოკუმენტი მიზნად ისახავს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ავსტრალიის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ საქმეებში უცხოური გავლენის შესახებ;
- FITSA მოითხოვს ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისგან, დაარეგისტრირონ თავიანთი საქმიანობა, თუ ისინი განახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს უცხოელი დირექტორატის/სახელმწიფოების სახელით ავსტრალიის სამთავრობო ან პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით;
- ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, ეკავა თუ არა პირს მაღალი თანამდებობა ავსტრალიაში. ანუ მთლიანი პასუხისმგებლობა გადადის ხელისუფლებაში მყოფ პირებზე;
- რეგისტრატორებმა უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია უცხოელ მთავრობასთან/დირექტორატთან ურთიერთობის, მათი საქმიანობის ხასიათისა და ამ აქტივობებთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის ან სარგებლის შესახებ;
- სარეგისტრაციო საქმიანობა მოიცავს საპარლამენტო ლობირებას, ზოგადად პოლიტიკურ ლობირებას, საკომუნიკაციო საქმიანობას და ფულის გადახდას ან ფასიანი ნივთების გადაცემას;
- კანონი ითვალისწინებს აღსრულების მექანიზმებს რეგისტრაციისა და გამჟღავნების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. სამთავრობო ორგანოებს აქვთ უფლება, გამოიძიონ პოტენციური დარღვევები, აიძულონ რეგისტრაცია და განახორციელონ სამართლებრივი ზომები ფიზიკური პირების ან სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც არ იცავენ კანონს;
- კანონი ასევე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუკი არ სრულდება კანონით ნაკისრი ვალდებულებები, არ რეგისტრირდება პირი/ორგანიზაცია, ვისაც ეხება; ან აწვდის ცრუ ინფორმაციას ან ანადგურებს დოკუმენტაციას რეგისტრაციის ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით;
- FITSA-ს ფუნქციონირება და ადმინისტრირება არის გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პასუხისმგებლობა. კანონი აძლევს უფლებას, რომ თუკი დეპარტამენტს აქვს გარკვეული ეჭვები და დადასტურდება, იურიდიულ/ფიზიკურ პირს მოსთხოვოს გამჭვირვალობის რეგისტრაცია.
ავსტრალიური კანონმდებლობა ძალიან ჰგავს ამერიკულს, განსაკუთრებით „უცხოური ძალის“ გაგებაში, სადაც ამოსავალი არის უცხო ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები და პირები. არსებითი განსხვავება კი არის ხელისუფლების წევრებისთვის გამჭვირვალობის მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხები. ეს უკანასკნელი არ არის არც ამერიკულ კანონში და არც ქართულ პროექტში.
მთლიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ FITSA და FARA იზიარებენ საერთო მიზნებსა და მოთხოვნებს, მაინც განსხვავებული სამართლებრივ ჩარჩოებს წარმოადგენს, რომლებიც მორგებულია ავსტრალიისა და აშშ-ის სპეციფიკურ კონტექსტზე. შესაბამისად, გარკვეული განსხვავებებია ზოგადად გავლენის საფრთხის განმარტებასა და აღსრულების მექანიზმებში.
რაც შეეხება ქართულ პროექტს, ავსტრალიურ კანონთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არის მსგავსებებიც და განსხვავებებიც. მთავარი განსხვავება, როგორც FARA-სთან შედარების შემთხვევაში, აქაც არის ის, რომ „უცხოურ გავლენად“ თვლის აპრიორი გრანტის აღებას, რის გამოც ანიჭებს „უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლის“ სტატუსს, ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებში კი მსგავსი რამ არ არსებობს და „გავლენის“ სტატუსისთვის აუცილებელია სახელმწიფოს საქმიანობაში ჩარევა და გავლენის მოხდენა. ფულის ფაქტორი არის ავსტრალიურში, მაგრამ აქ მითითებულია, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების ლობირებისთვის ანაზღაურების აღება და ცხადია, რადიკალურად განსხვავდება ქართული პროექტისგან. ქართულ პროექტში, ისევე, როგორც ამერიკულ კანონში, არ არის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალობის ვალდებულების დაკისრება და ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რაც უშუალოდ ავსტრალიის რეალობით არის განპირობებული. ( FITSA-ს მიღების საკითხი სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის გამო დადგა).
კანადა
რეესტრის შექმნის მოწოდებები გააძლიერა ბოლო ორ ფედერალურ არჩევნებში ჩინეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებმა, რომელმაც მედიაში ანონიმურად გაჟონა. რეესტრის შექმნისას აპელირება ხდება აშშ-ის და ავსტრალიის კანონმდებლობაზე. ანუ, კანადა ფიქრობს იმაზე, რომ გაკეთდეს სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის მომუშავე პირთა რეესტრი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს.
რეესტრის შექმნის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ თუკი ადამიანებს, ვინც მტრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესების გატარებისთვის მუშაობენ, ეცოდინებათ, რომ არდარეგისტრირების შემთხვევაში ელოდებათ ჯარიმები და/ან პატიმრობა, იძულებული გახდებიან, დარეგისტრირდნენ. ეს კი საზოგადოებას საშუალებას მისცემს, იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ, რაც შეამცირებს მათ გავლენას.
ამ იდეის ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ რეესტრის შექმნა საკმარისი არ იქნება და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც აუცილებელია. საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი კი ეწინააღმდეგება რეესტრის შექმნის იდეას იმ მოტივით, რომ თუნდაც კარგი მიზნით გადადგმულმა ნაბიჯებმა არ შეზღუდოს დემოკრატიული ფასეულობები. სწორედ ამ კითხვების გამოა, რომ კანადის მთავრობის ეს წინადადება წელიწადზეა მეტია, რაც იხილება.
ლობირების აქტი ითვალისწინებს საჯარო თანამდებობის პირთა ლობირებაში მონაწილეობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რათა ხელი შეუწყოს კანადელების ნდობას ფედერალური სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ. აქტი, სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვს, რომ კონსულტანტმა ლობისტებმა გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთი კლიენტის (რომელიც შეიძლება იყოს უცხოური ან ადგილობრივი მთავრობა) ვინაობასთან დაკავშირებით, როდესაც ანაზღაურების სანაცვლოდ კონსულტანტი დაუკავშირდება საჯარო თანამდებობის პირს რეგულირებული ლობირების საკითხზე (როგორც ეს განსაზღვრულია აქტში). მიუხედავად იმისა, რომ ლობისტური აქტი კონკრეტულად არ არის ფოკუსირებული საგარეო ჩარევაზე, ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ლობირების აქტივობებში და შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის შესახებ საფრთხეების მოსაგვარებლად.
აქტი ადგენს წესებს, რომელიც ვრცელდება ყველა საჯარო თანამდებობის პირზე.
საარჩევნო აქტი მოიცავს სხვადასხვა აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია უცხოელთა ჩართულობასთან საარჩევნო საქმიანობაში. მხოლოდ კანადის მოქალაქეებს და მუდმივ რეზიდენტებს აქვთ უფლება, გააკეთონ საარჩევნო შეწირულობა და უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალულია.
თუკი ქართული პროექტის და კანადური ინიციატივის შედარებაზე ვისაუბრებთ, ცალსახაა, რომ რეესტრის შექმნის თვალსაზრისით, პრინციპების დონეზე იგივე განსხვავებებია, რაც აშშ-ის და ავსტრალიის კანონმდებლობის შემთხვევაში. საინტერესოა ის, რომ კანადა აქცენტს აკეთებს არსებული კანონმდებლობის გააქტიურებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მსგავსია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამ მიმართულებით არაფრის გაკეთებას არ აპირებს.
საფრანგეთი
საფრანგეთშიც მიმდინარეობს უცხო ძალების გავლენების გასამკლავებლად სათანადო კანონის მიღებაზე მუშაობა.
იგი მოითხოვდა ახალი კანონმდებლობის შემოღებას, რადგან დაზვერვის სამსახურების ხელთ არსებული ინსტრუმენტები არ იყო საკმარისი გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეების დასაძლევად. დაზვერვის კომიტეტმა მიუთითა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო მანიპულირების კამპანიებზე და თქვა, რომ ეს არის "უცხოური ჩარევის ახალი ფორმა" და ხაზს უსვამს, რომ ამ ჩარევამ "უპრეცედენტო მასშტაბებს" მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში საგარეო საფრთხეები უკავშირდებოდა ტერორიზმს, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვა სახის ჩარევებიც დაემატა და მათ შორის, არჩევნებში, რაც პირველ რიგში, რუსეთს უკავშირდება.
დაზვერვის შესახებ კანონი გადაიხედა 2017 წელს და სრულად ამოქმედდა 2021 წელს. საკანონმდებლო ორგანო კი მიზნად ისახავს დაზვერვის კანონის ფარგლების გაფართოებას უცხოური გავლენისთვის. ასამბლეამ კანონპროექტი მარტის ბოლოს მიიღო, სენატში კი მაისში განიხილება.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეების უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ახალი საგარეო გავლენის კანონპროექტის პირველადი ვარიანტი არ ითვალისწინებდა ზემოთნახსენებ თვალთვალს. თუმცა, იდეის ავტორები საპასუხოდ აცხადებენ, რომ ალგორითმული თვალთვალი არ იქნება საჯარო და ეს მხოლოდ დაზვერვის სამსახურისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში „უცხოური გავლენის“ განსაზღვრა ძალიან ბუნდოვანია. ამჟამინდელი პროექტი აერთიანებს სხვადასხვა სახის საგარეო ჩარევას, იქნება ეს სხვა ქვეყნების, თუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
კანონპროექტი ასევე მოითხოვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ უცხოურ ინტერესებს, დარეგისტრირდნენ რეესტრში და სანქციები დაწესდება მათთვის, ვინც ამას არ გააკეთებს. ეს „უცხოური სუბიექტები“ მოიცავს არაევროკავშირის საგარეო ძალებს, უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ნახევარი ან მეტი უცხოურ საკუთრებაშია ან დაფინანსებულია. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ ადამიანების, კომპანიების ან სუბიექტების ფინანსური აქტივების გაყინვის შესაძლებლობას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უცხოურ ჩარევაში.
ქართულ კანონპროექტს თუ შევადარებთ, ცხადია, მხოლოდ ამ ბოლო ნაწილში შეიძლება მსგავსებასა და განსხვავებაზე ლაპარაკი. ამ შემთხვევაშიც არსებითი არის ის, რომ ქართული პროექტისგან განსხვავებით, ფრანგული აპრიორი უცხოურ დაფინანსებას არ თვლის ჩარევად და ეს ჩარევაც მხოლოდ დაზვერვის სამსახურმა უნდა დაადასტუროს.
ევროკავშირი
2023 წლის 12 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა პაკეტი დემოკრატიის დაცვის შესახებ. პაკეტში მოცემულია დირექტივა, რომელმაც უნდა დაამყაროს ჰარმონიზებული „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები“ შიდა ბაზარზე „ინტერესთა წარმომადგენლობის“ ფარგლებში განსაზღვრული საქმიანობისთვის.
პაკეტის მიხედვით, უნდა შეიქმნას რეესტრი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მესამე ქვეყნის „ინტერესთა წარმომადგენლობას“ და აპირებენ, გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე ევროკავშირის შიგნით. რეგისტრაციისას ამ ერთეულებს მიენიჭებათ სახელი EIRN და ამის გამჟღავნება სავალდებულო იქნება საჯარო მოხელეებთან მათი ნებისმიერი ურთიერთობისთვის.
შესაბამისად, რეესტრის შექმნის გარდა, დირექტივა ასევე მოიცავს ორ რეკომენდაციას, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობას პოლიტიკის შემუშავებაში.
რაც შეეხება უშუალოდ რეესტრის შექმნას, რაც რეალურად არის ქართულ პროექტთან თემატურ თანხვედრაში, ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს:
რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში - სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობას მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში. წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, შექმნან ან მოარგონ არსებული ეროვნული რეესტრები ამ მიზნებს.
საჯარო ხელმისაწვდომობა - ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი ელემენტები საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, რაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალებას იძლევა. ეს ეხება, მაგალითად, მიღებულ წლიურ თანხებს, მესამე ქვეყნებს და საქმიანობის ძირითად მიზნებს.
ჩანაწერების წარმოება - სუბიექტებს, რომლებიც ახორციელებენ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობას მესამე ქვეყნის სახელით, მოეთხოვებათ შეინახონ ჩანაწერები ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ან მასალის შესახებ ამ საქმიანობის დასრულებიდან ოთხი წლის განმავლობაში;
წინადადება მოიცავს პროპორციულ წესებს და გარანტიებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სარეგისტრაციო მოთხოვნების ბოროტად გამოყენება ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით, როგორიცაა გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება, ან სამოქალაქო სივრცის ზედმეტად შეზღუდვა, კერძოდ:
- დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოები მიიღებენ უფლებამოსილებას, მოითხოვონ შეზღუდული ჩანაწერები მხოლოდ სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში და პროპორციულად;
- ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგისტრაციისას არასასურველი შედეგები არ წარმოიშვას;
- წინადადების სრული ჰარმონიზაცია ხელს უშლის წევრ სახელმწიფოებს, შეინარჩუნონ ან დანერგონ დამატებითი მოთხოვნები და პრაქტიკა.
როგორც აქამდე განხილული შემთხვევებში, ქართული პროექტი ამ ევროდირექტივის პროექტისგანაც იმით განსხვავდება, რომ აქაც მითითებულია უცხო ქვეყნის ინტერესი, რომელიც მტრულად არის განწყობილი და ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს პოლიტიკური გავლენის მოსახდენად - და არა უბრალოდ გრანტის აღების გამო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აქაც არის დამატებითი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო პროცესის და საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დირექტივას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მათ შორის, ევროპარლამენტში. მათი არგუმენტი არის სწორედ ის საფრთხე, რაც ამ დირექტივის დანერგვას შეიძლება მოჰყვეს, დემოკრატიული ფასეულობების შესუსტების კუთხით. ამ დირექტივის მოწინააღმდეგეები აპელირებენ იმაზე, რომ ეს ძალიან ჰგავს იმ კანონებს, რასაც აქამდე ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და შესაბამისად, არმიღება პრინციპულ საკითხად მიაჩნიათ. მათი აზრით, იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინოს „უცხოურ ჩარევაზე“, ევროკავშირმა უნდა გაამახვილოს ყურადღება შიდა დემოკრატიული გამძლეობის შექმნაზე.
რუსული კანონი, ანუ პუტინის ექვსი „დარტყმა“
ყველაფერი დაიწყო 2012 წელს - რუსეთში მიიღეს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“. ის ეხებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ.
2017 წელს კანონი „გაფართოვდა“ – „უცხოურ აგენტებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას.
2019 წელს კანონი კიდევ ერთხელ „გადაკეთდა“ - უცხოურ აგენტებად გამოაცხადეს ყველა ის ფიზიკური პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ „უცხოურ აგენტ - მედიასაშუალების“ საქმიანობაში ან ავრცელებდნენ მათ ინფორმაციას. ფაქტობრივად, ეს შეეხო ყველას, ვინც სოცქსელში პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მიმართულებით აქტიურობდა.
2020 წელს „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდა ყველა ის მოქალაქე, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული და საზღვარგარეთიდან (არა მხოლოდ ფინანსურს) იღებს დახმარებას.
2022 წელი ყველაზე „ნაყოფიერი“ იყო -„ უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც არ იღებდნენ საზღვარგარეთიდან დახმარებას, მაგრამ „ამა თუ იმ ფორმით იყვნენ უცხოური გავლენის ქვეშ“. ასევე, შემოვიდან მცნება „უცხოურ აგენტთან“ აფილირებული პირი“ (მაგ. აგენტად გამოცხადებული კომპანიის თანამშრომელი).
გარდა ამისა, კანონს ახალი აკრძალვები დაემატა - „უცხოურ აგენტებს“ აეკრძალათ მუშაობა სახელმწიფო უწყებებში (ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩათვლით); ბავშვებისთვის საინფორმაციო პროდუქციის მომზადება; პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანება; სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა; სახელმწიფო დაწესებულებებთან მიტინგებისა და შეკრებების გამართა და ა.შ.
2024 წელს რუსეთში აიკრძალა რეკლამის განთავსება „უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ ყველა კომპანიისა თუ ფიზიკური პირის პლატფორმაზე (ძირითადად, შეეხოთ მედიებს და ბლოგერებს).
დასკვნა
როგორც ვნახეთ, ბოლო პერიოდში რეალურად გაზრდილია ამერიკული FARA-ს მსგავსი თუ ანალოგი სამართლებრივი აქტების მიღება. ეს აქტები დემოკრატიულ ქვეყნებში მეტ-ნაკლებად ერთნაირია და ჰგავს FARA-ს ტექსტს, მაგრამ მორგებულია ადგილობრივ რეალობას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხე არსებობს, მაინც არის ძალიან პესიმისტური დამოკიდებულება FARA-ს მსგავსი აქტების მიღებისადმი, რადგან შიშობენ, რომ ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ფასეულობებს. ეს წინააღმდეგობა კი იმდენად ძლიერია, რომ ამ აქტების საბოლოო მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საერთო ჯამში, კანონი აშშ-ის გარდა, დემოკრატიული ქვეყნებიდან მხოლოდ ავსტრალიას აქვს მიღებული. დანარჩენ ქვეყნებში კი, სადაც ეს პროცესი დაიწყო, მათ შორის, ევროკავშირში, ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და ძნელი სათქმელია, საბოლოოდ მიიღებენ თუ არა.
რაც მთავარია, ქართულ პროექტში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და დონორებისგან მიღებული შემოსავალი, მიზნის მიუხედავად, ხდება უცხოური ძალის ინტერესების გატარების საფუძველი და ამის გამო ენიჭება „უცხო ძალის ინტერესის გამტარებლის“ სტატუსი, რაშიც არასამთავრობო სექტორი და მედიის ნაწილი შეზღუდვის საფრთხეს ხედავს.
გარდა ამისა, ყველგან, სადაც ამ კანონის მიღების საკითხი დადგა, საუბარია მტრულად განწყობილი ქვეყნების ჩარევის საფრთხეზე. საქართველოში კი, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებში ხშირად დასავლეთიდან შემოსულ თანხებზეა საუბარი.
ფინანსური გამჭვირვალობის რა ვალდებულებები აქვთ დღეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საქართველოში?
კონკრეტულად, ამ საკითხს არეგულირებს „საგადასახადო კოდექსი“, „გრანტების შესახებ კანონი“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონი და გამომდინარე სამართლებრივი აქტები, სადაც გაწერილია, გრანტიორებს რა ვალდებულებები აკისრიათ.
„საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებულია, რომ არსებობს ე.წ. საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა რეესტრი, რომელიც დღგ-სგან ათავისუფლებს გარკვეულ პირებს და მათ შორის ხვდებიან გრანტის მიმღებებიც. მაგრამ გამცემებსაც და მიმღებებსაც ევალებათ, რომ წარადგინონ ხელშეკრულების სრული ასლი და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება გრანტის გამცემი და მიმღები ორგანიზაციების დასახელება, გრანტის დასახელება და რაოდენობა და დაწყების და დასრულების თარიღები. ამასთან, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ დონორი სარგებლობს შეღავათით და ეს ძირითადად ეხება დღგ-ს, მაშინ ის აწვდის შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციას. არის მეორე შემთხვევა, როდესაც თავად გრანტიორი თუ შეიძენს რაღაც პროდუქტს და მომსახურებას, განცხადება შეაქვს შემოსავლების სამსახურში, წარადგენს ხელშეკრულებას და ითხოვს დღგ-ს დაბრუნებას.
გარდა ამისა, ნებისმიერი ორგანიზაცია წარადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, რომელიც მოიცავს თანამშრომელთა სიას, ვინ არის შრომითი და ვინ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული, რამდენია საშემოსავლო გადასახადი და რამდენია ზოგადად ამ კომპანიის შემოსავალი. ორგანიზაცია ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს წინა თვის ანგარიშს. ამასთან, ნებისმიერ სხვა გადასახადზე თეორიულად შეიძლება გაუჩნდეს შემოსავალ-გასავლის დეკლარირების ვალდებულება და ამ შემთხვევაშიც არის ვალდებული კანონით დადგენილი წესით იმოქმედოს.
რაც მთავარია, ეს არის სახელმწიფოსთან ანგარიშგების ვალდებულება, რაც, ცხადია, ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს ინფორმაცია, რაც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ქვეყნდება, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია. ამისთვის საჭიროა იცოდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მარტივად იძებნება რეესტრის ვებგვერდზე, ან გრანტის დასახელება, რაც ასევე აქვს გამოქვეყნებული თავის ვებგვერდზე ყველა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენი ხანია საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გრანტის გამცემი ორგანიზაციის სახელს, გრანტის სახელს და მოცულობას (თანხას) და დაწყება-დასრულების თარიღებს.
მედიასაშუალებებს კი აქვთ ვალდებულება, რომ ფინანსური გამჭვირვალობისთვის ყოველთვიურად მიაწოდონ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დეტალური ინფორმაცია შემოსავლების და ხარჯების შესახებ, რაც ასევე ქვეყნდება კომუნიკაციების კომისიების ვებგვერდზე.
სპეცპროექტზე მუშაობდნენ: რუსა მაჩაიძე, ნანა ფიცხელაური, თეა ინასარიძე, ნათია დოლიძე, სანდრო შუღლაძე