როგორი წარმოგიდგენიათ მკითხველის სამოთხე? იქნებ ეს იყოს სივრცე, რომლის ყოველი კუთხე ათვისებულია თაროებით, რომლებზეც განთავსებულია ყველანაირი გემოვნების მკითხველისთვის განკუთვნილი წიგნი, არის ფასდაკლებები, სასიამოვნო გარემო და შემეცნებითი აქტივობები. სწორედ ასეთია თბილისის წიგნის დღეები.
ნინო ხატისაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მას აქვს რეგალია, რომელიც საინტერესო ჰობისა და დიდი მონდომების სანაცვლოდ დაიმსახურა. ის არის ყველაზე ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ მე-12 სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და ორი კვირა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაატარა.
ნინო გაგვიზიარებს თავის ემოციებს თბილისის წიგნის დღეებთან დაკავშირებით. ასევე გვირჩევს, თუ რომელი წიგნები უნდა მოვიმარაგოთ ამ ფასდაკლებებით დახუნძლულ დღეებში.
- ნინო, ხომ ვერ გაიხსენებდით, აქტიური მკითხველის ამპლუაში პირველად როდის ესტუმრეთ თბილისის წიგნის დღეებს?
- ეს იყო 2022 წლის გაზაფხული, როდესაც ჩემმა მკითხველმა მეგობრებმა შემომთავაზეს ერთად წავსულიყავით „ექსპოჯორჯშიაში“.
- რა მოლოდინებით წახვედით და გამართლდა თუ არა ისინი?
- მქონდა მოლოდინი იმისა, რომ დამხვდებოდა ლიტერატურისთვის შესაფერისი, გემოვნებიანი გარემო, სადაც ვნახავდი უამრავ თვალანთებულ ბავშვს, სტუდენტს, ზრდასრულს, რომლებიცმარაგს ივსებენ და ხელხვავად ტოვებენ სტენდებს. მიხარია, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა, გარდა სასიამოვნო გარემოსა, წარმოუდგენლად მაბედნიერებდა იმაზე ფიქრი, რომ დახლებზე დახვავებული ლამაზყდიანი წიგნებიდან, ყველა ფასდაკლებული იყო. ალბათ, სწორედ ეს არის წიგნის დღეების მთავარი ხიბლი და ამიტომაც მოვიხსენიებთ მკითხველები, როგორც დღესასწაულს.
- ნინო, როგორც ვიცით, წიგნის დღეები, გარდა ბაზრობისა, საკმაოდ დატვირთულია აქტივობებით, ჩართულხარ თუ არა იქ გამართულ რომელიმე ინტელექტუალურ ღონისძიებაში და როგორი გამოცდილებაა ეს?
- დიახ, ჩავერთე წიგნების თაროს საჯარო თამაშში, სადაც რამდენიმე რაუნდზე თავის გართმევით, მე და ჩემი მეგობრები საინტერესო წიგნებით დავსაჩუქრდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა ჩემთვის, რადგან იქ ყოფნით გამოწვეული მაგიური ენერგიები, საინტერესო გამოწვევებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდა.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ყოველწლიურად უამრავი ავტორი სტუმრობს თბილისის წიგნის დღეებს, ისინი ხვდებიან მკითხველებს და ცვლიან ემოციებს, შენ როგორ შეაფასებდი ამ მოვლენას?
- მე ვიცნობ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელთათვისაც კონკრეტულ ავტორთან შეხვედრის სურვილი ექსპოჯორჯიაში სტუმრობის გადამწყვეტი ფაქტორიც კი არის. ლევან ბერძენიშვილი არის ის ადამიანი, ვინც თითქმის ყოველ წელს ესწრება თბილისის წიგნის დღეებს. მახსოვს, გასულ წელს როგორ იყო მის გარშემო მოსწავლეების დიდი წრე, ფოტოებს იღებდნენ, მის და სხვა ავტორთა საუბრებს ინტერესით უსმენდნენ. იქ არ არიან მხოლოდ წიგნები, იქ არიან მათი მწერლებიც და ამით ყველაფერი უფრო ცოცხალი და ხელშესახები ხდება.
- ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, თუ რის შეძენას ურჩევს გამოცდილი მკითხველი. სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციებს თბილისის წიგნის დღისთვის განკუთვნილი წიგნების სიის გასამრავალფეროვნებლად.
- ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო „დავალებაა“, ამიტომ, შევეცდები, ისეთი წიგნები და მწერლები ვახსენო, რომლებიც ვთვლი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. უნდა აღვნიშნო „სულაკაურის გამომცემლობისადმი“ მადლიერება, რადგან სერია „ლიტოდისეას“ ფარგლებში მათ თარგმნეს მრავალიქვეყნის კლასიკური თუ თანამედროვე ნაწარმოებები, მათგან გამოვყოფ და მკითხველს ვურჩევ უდიდესი ალბანელი მწერლის, ისმაილ კადარეს რომანს -„მკვდარი არმიის გენერალი“, რომელიც ახლახან ითარგმნა. აქვე, გირჩევთ კადარეს „გახლეჩილ აპრილსაც“. დღევანდელი დაძაბული რეალობის ფონზე, როცა მიმდინარეობს ომი ორ სხვადასხვა ცივილიზაციას შორის, ვფიქრობ ჯ.მ. კუტზეეს წიგნი „ბარბაროსების მოლოდინში“, ზუსტად აღწერს, თუ რამხელა სისასტიკე მოსდევს სამხედრო აღზრდას და მისგან მორალის შორს დგომას. არ უნდა გამოტოვოთ უილიამ ფოლკნერის რომანი „იგავი“, რომლის თარგმანმაც „საბას“ ჯილდო მიიღო და რომლის გამომცემელიც არის `პალიტრა”. ეს ავტორი, სირთულესთან ერთად, საინტერესოობითაც გამოირჩევა. ვფიქრობ, თუ შეიძენთ და წაიკითხავთ, გარდამტეხ როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება „დიოგენეს“ გამომცემლობის სტენდებს მიაპყროთ, რადგან მათ მკითხველებს უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთეს და ტირაჟამოწურული წიგნები განაახლეს. თითოეული განსაკუთრებული და ძვირფასია. გამოვარჩევდი საყვარელი ამერიკელი მწერლის, სილვია პლათის რომანს - „ზარხუფს“.
ამბობენ,„ექსპო ჯორჯიაში“ შესული და უკან ხელცარიელი გამოსული მკითხველი, არავის უნახავსო. იმასაც კი ამბობენ, ხელებიდან წიგნები უცვივათო. ვნახოთ, ამჯერად როგორ მოახერხებენ გამომცემლობები მკითხველთა გულების მოგებას და მათთვის „დაუვიწყარი ლაბირინთების“ მოწყობას წინ გრძელი და ცივი ზამთარი გველის, სხვა არაფერი დაგვრჩენია, მოვიმარაგოთ სქელყდიანი წიგნები, მოვათავსოთ ქურთუკის დიდ ჯიბეში და გავუყვეთ თბილისის თბილ ქუჩებს.