გიორგი პაპკიაურის ცის - ფერი სამყარო

"გიორგი პაპკიაური არის ხელოვანი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით გადმოსცემს თავის სათქმელს..."

მისი შემოქმედების მთავარი ხაზი ცისფერია. ჩრდილების, სილუეტებისა და ცისფერის სხვადასხვა ტონალობების საშუალებით საკუთარი დამოკიდებულების, შთაბეჭდილების და ემოციების გადმოცემას ფერის საშუალებით ცდილობს. "მიყვარს ეს ფერი და მამშვიდებს..მარტივია ამ ფერში გადმოსცე ემოციები,როგორც სევდა ასევე სიხარული. ბიბლიური,მიუწვდომელი ფერია და ჩემი მხრიდან ერთგვარი პროტესტი იმ სიყალბის მიმართ რაც ადამიანებშია მოზღვავებული".

თვითნასწავლმა ხელოვანმა ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. აკვირდებოდა ყველაფერს, სწორედ ამიტომ ხშირად მისი შთაგონების წყარო უცნობი ადამიანები ხდებოდნენ.

როგორც თავად ამბობს ნამუშევრებში მუსიკა ყოველთვის იგრძნობა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილსაც იკავებს. "მუსიკას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ყველა ნამუშევარში იგრძნობა და მანამ სანამ მუსიკა არსებობს ჩემში ესე იგი მეც ვარსებობ ამ სამყაროში".

მხატვრის შთაგონების წყარო მისი ცხოვრებაა, მასში არსებული სირთულეები, ბედნიერება და ადამიანები. "ჩემი პირველი ნამუშევარი რომელიც ამერიკაში გასხვისდა ბავშვობაში შევქმენი. სასიყვარულო თემა იყო რამდენადაც მახსოვს".

ნამუშევრების სერია სახელწოდებით “blue note” მხატვრის მიერ შექმნილ ორმოცდაათამდე ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელიც სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ 4 ნოემბერს დამთვალიერებელმა იარტ გალერიში, ნახატებთან ერთად ხელოვანის მონაწილეობით პერფორმანსიც იხილა..

როგორც მხატვარი თავად ამბობს ყველა ფოტოს საკუთარი შინაარსი და ისტორია აქვს. "ეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრია, სპექტაკლი “ბოჰემა” კულისებიდან…ზურგით ოპერის კონცერტმაისტერი მაია რეხვიაშვილი დგას".

რეალური ამბები, რომელიც გიორგი პაპკიაურმა ტილოზე გააცოცხლა ადამიანების ემოციებს და განცდებს ასახავს... ოჯახის წევრების თუ იმ უცნობი ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. გამუდმებით ცდილობს თავის შემოქმედებაში ის მწვავე პრობლემებიც ასახოს, რომელსაც ირგვლიც ხედავს. ხშირად, მისი პერსონაჟები ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან.

"ვფიქრობ ყველა ხელოვანმა უნდა გამოხატოს პროტესტი ძალადობასა და ზოგადად ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მითუმეტეს, რომ ძალიან ხშირად გვესმის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ".

ხელოვანი პერსონალური გამოფენით გაჩერებას არ აპირებს. მხატვრის კიდევ ერთი პროექტი წიგნის გამოცემაა. ნაბეჭდი გამოცემა მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრების რეპროდუქციებთან ამ პორტრეტების გმირების ისტორიებს გააერთიანებს.

მხატვრის სამომავლო გეგმებში პირველი საფრანგეთში დაგეგმილი გამოფენაა. "ვფიქრობ ევროპას გავაცნო ჩემი შემოქმედება..ნამუშევრებში ძალიან კარგად იგრძნობა ის სიდუხჭირე, რაც ქვეყანამ ოთხმოცდაათიანებში გამოიარა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება ევროპისთვის მითუმეტეს არსებულ რეალობაში".

პროექტზე მუშაობდა: მარიამ ზაქარიძე