საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება და მიუხედავად ყოველწლიური ცვლილებებისა, სისტემაში გამოწვევები ისევ უხვად რჩება. 2023 წლის გამოცდებმაც, აპლიკანტთა რეკორდულ მაჩვენებელთან ერთად, პრობლემებით დაგვამახსოვრა თავი, რაც შემდგომში აისახა აპელაციის შედეგებზეც. მაგალითად, გასაჩივრების შემდეგ აბიტურიენტს ინგლისურ ენაში 15 ქულა მოემატა. რეპეტიტორები და პედაგოგები კი ძირითადად შემდეგ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას: გამსწორებელთა კომპეტენციის ნაკლებობა, შეფასების კრიტერიუმები და გრანტების განაწილება საგნების მიხედვით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEჩ) ინფორმაციით, წელს გამოცდებზე სულ 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა (2022 წელს ეს მაჩვენებელი 41 ათასს შეადგენდა), ხოლო 35 ათასი გახდა სტუდენტი ( წინა წელთან შედარებით გაიზარდა სამი ათასით). რაც შეეხება აპელაციის შედეგებს, ნაშრომების 3,34% გასაჩივრდა, რაც გასულ წელთან ( 2022 წელს ნაშრომების 4,18% გასაჩივრდა) შედარებით დაბალი რიცხვია, თუმცა აქვე თავს იჩენს ერთი ნიუანსი – წელს გასაჩივრებულ ნაშრომებში ქულის შეცვლის მაჩვენებელი თითქმის 3%-ით გაიზარდა.
გეოგრაფიის რეპეტიტორი იოანე მახარაძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა სწორედ გამსწორებელთა არასაკმარისი კომპეტენციაა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, კერძოდ, გამსწორებლებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, ამის გამო კი ამ საქმისადმი მიზიდულობაც დაბალია და რეალურად ძლიერი პროფესიონალები (მაგ.ლექტორები) ხელს არ კიდებენ ამ საქმეს, მისი თქმითვე, გამსწორებელთა ნაკლებობის შესავსებად ცენტრი ძალიან მარტივი მექანიზმებით ნიშნავს კონკურსში მონაწილეებს გამსწორებლებად. მახარაძეს, ზემოთ თქმულის დასტურად, ერთ-ერთი აბიტურიენტის მაგალითი მოჰყავს: “ გეოგრაფიაში, სადაც კონკრეტული პასუხები აქვს კითხვებს, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა აბსოლუტურად სწორი პასუხები არ ჩაუთვლიათ. მაგალითად, გვქონდა ასეთი შემთხვევა, აპლიკანტს ეწერა, რომ პალიასტომის ტბა არის ნაზღავური წარმოშობის, სწორ პასუხებში კი მითითებული იყო, რომ არის ლაგუნური წარმოშობის და აბიტურიენტს პასუხი განულებული ჰქონდა, სავარაუდოდ, გამსწორებელმა არ იცოდა, რომ ორივე ტერმინი ერთმანეთის სინონიმია და უბრალოდ, მიჰყვა ცენტრის მიერ შემუშავებულ მშრალ სქემას. აღსანიშნავია, რომ აპელაციის შემდეგ ეს პასუხი აპლიკანტს ჩაეთვალა. ვფიქრობ, როცა გამსწორებელმა ასეთი ელემენტარული არ იცის, ეს ძალიან დიდი პრობლემაა”.
მახარაძე გამოსავალს გამსწორებელთა პრესტიჟის ამაღლებაში, მინიმუმ ხელფასების გაორმაგებასა და მათ ტესტირებაში ხედავს. კერძოდ, მისი თქმით, უნდა ჩატარდეს გამსწორებელთა მასობრივი ტესტირება (არ იგულისხმება საგნებში კომპეტენციის დადასტურება, რადგან გამსწორებელი ამის გარეშე ისედაც ვერ გახდები), მაგალითად, მათ უნდა დაურიგდეთ ნაშრომები, რომლებსაც სატესტო რეჟიმში შეამოწმებენ, შემდეგ კი კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ობიექტურად აფასებენ ისინი ნაწერებს.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სამოქალაქო განათლებაში არ დაფიქსირებულა მაქსიმალური ქულები (60; 59) და 1800-ზე მეტი აპლიკანტიდან მხოლოდ ოთხმა აბიტურიენტმა შეძლო 58 ქულის აღება. ამავე საგნის რეპეტიტორი ლუკა დანელია ამას იმით ხსნის, რომ გასწორების პროცესი არცთუ ისე ლმობიერად წარიმართა როგორც თავდაპირველ, ისე შემდგომ, გასაჩივრებული ნაშრომების გასწორების პროცესში. თუმცა, მახარაძისგან განსხვავებით, დანელია ძირითადად პრობლემას NAEჩ-ის მიერ შემუშავებულ შეფასების კრიტერიუმებში ხედავს. “მე სხვების კომპეტენციაზე ვერ ვისაუბრებ ვერანაირად,მეტიც, ნაწერები-შეფასებებიც ცხადყოფს, რომ გამსწორებლებთანაც ვერ გვექნება ვერანაირი პრობლემა, რადგან შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც ექვემდებარება სუბიექტურ ახსნა-განმარტებებს, ყველა ინდივიდუალურად ერგება, ამიტომაც ვნახე ზუსტად იდენტური პასუხები ერთგან მაღალი ქულით შეფასებული, სხვაგან კი განულებული”,-ამბობს ის. დანელიას თქმით, ამის გამოსასწორებლად უნდა შემუშავდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც იქნება მკაფიოდ განმარტებული და არ დატოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისთვის
სააპელაციო განაცხადებით უპირობო ლიდერი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, სულ ამ საგანში 1600-ამდე ნაშრომი გასაჩივრდა, რაც ტესტების 4,06%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი 2,65% იყო. მეტიც, ინგლისური ენის მსგავსად, ერთ-ერთ აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ 14 ქულაც კი მოემატა. ქართული ენის პედაგოგ ლევან ყაულაშვილისთვის აღნიშნული შედეგი წარმოუდგენელიც კია, რადგან 34 ქულიდან 14 ქულის “არევა” მისთვის გაუმართლებელია, ის კომპეტენციასთან ერთად მთავარ პრობლემად გამსწორებელთა სუბიექტურობას და მათ მიერ თავისუფალი აზროვნების ვერ შეფასებას მიიჩნევს.“ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს, განა არაკომპეტენტურ გამსწორებელთან, არა, კომპეტენტურთან, მან იცის გრამატიკა, იდეალურად ფლობს მორფოლოგიისა თუ ორთოგრაფიის წესებს, მაგრამ ვერ ან არ შეუძლია თავისუფალი აზროვნების შეფასება. საილუსტრაციოდ შემიძლია ჩემი წლევანდელი გამოცდილება წარმოვადგინო. წელს დაახლოებით ორასი ნაშრომი გავასწორე, რომლებშიც ჩანდა დამოუკიდებელი აზროვნება, არაშაბლონურობა, ნათელი აზრები, მაგრამ მაინც აკლებდნენ თითო ქულას.მეტი სიფრთხილე მართებს ცენტრს გამსწორებელთა შერჩევისას. ისიც, ხომ გახმაურებული ფაქტია, ერთმა რომ დაწერა, ახლა ნაშრომს ვასწორებ, ნამახვანჰესი უარყოფითად იხსენიება და აუცილებლად მაღალ შეფასებას დავწერო, რა თაობა მოდისო, დაწერა და ვიღაც გონიერმა წააშლევინა”,-ამბობს ის.
მისი თქმითვე, NAEჩ-ს შეფასების კრიტერიუმები ძალიან კარგად აქვს შემუშავებული, თუმცა იმასაც დასძენს, რომ განსაკუთრებით რამდენიმე კრიტერიუმში გამსწორებლებს უჭირთ მაქსიმალური ქულების დაწერა, რაც ისევ და ისევ სუბიექტური დამოკიდებულებით აიხსნება. “მიმაჩნია, რომ ცენტრმა უნდა მოამზადოს რეკომენდაციები და ნიმუშები გამსწორებლებისთვის, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ქულები სათანადოდ არაა დაწერილი. წელს, ჩემს მოსწავლეს, რომელსაც არასოდეს ბოლო სამი თვის განმავლობაში 34-ზე ნაკლები შეფასება არ მიუღია, დაუწერეს 27 ქულა, რატომ? გრამტიკის ნაწილში შეფასებულია მაქსიმალურად, აქ როგორც გინდა ვერ დააკლებ ქულას, ხოლო ზოგადი და დამოუკიდებელი აზროვნების ნაწილში აკლია, პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არაადეკვატურად”,- დასძენს ლევან ყაულაშვილი.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, ლუკა დანელია ყურადღებას ამახვილებს საგნების მიხედვით სახელმწიფო გრანტის არაპროპორციულ განაწილებაზეც. “2023 წელს სამოქალაქოში 300%-ით გაიზარდა გამოსაცდელთა რიცხვი (*2022 წელს 501-მა აბიტურიენტმა ჩააბარე ეს საგანი, წელს კი 1800-ზე მეტმა), რაც აისახა კონკურენციაზე. საშუალო ქულაც თითქმის წინა წლის იდენტური დარჩა, რაც ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ამ საგანში წელს კონკურენცია გაცილებით დიდი იყო და ტესტის სირთულეც გაცილებით მაღალი იყო, მიუხედავად ზემოთ თქმულისა, საგრანტო კვოტები და ამ საგნისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების თანხის ოდენობა იგივე დარჩა”,-ამბობს დანელია. მისი თქმითვე, წინა წელს 501-იდან 30-მა აიღო 100%-იანი გრანტი, ხოლო წელსაც დაახლოებით 30-მა 1800-იდან, რაც მისთვის უსამართლობაა. ინფორმაციისთვის, წლებია სახელმწიფო არ ცვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობას, რაც 12 600 000 ლარს შეადგენს და არც საგნების მიხედვით განაწილებული თანხების რაოდენობა იცვლება. გრანტს კი ყოველ წელს 6500-მადე აპლიკანტი იღებს.
ჯერჯრობით უცნობია, გეგმავს თუ არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებისთვის ცვლილებებს. 2024 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში კი ვკითხულობთ, რომ უნდა შემუშავდეს “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ახალი მოდელი”, კონკრეტული განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტში არ გვხდება და არც სკოლებს/მასწავლებლებს აქვთ რაიმე სახის ინფორმაცია, ვარაუდის დონეზე კი არსებობს მოსაზრება, რომ 2025 წლიდან ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი გაუქმდება და სკოლებში ე.წ CAT- ის გამოცდები დაბრუნდება.
მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში. გამოქვეყნდა გაზთში "ვერიტას" #1(ოქტომბერი,2023). ხელმძღვანელები: მაია ტორაძე, ლიანა მარქარიანი. ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქგვერდს.