View Screen Reader-Friendly Version

„ტედი: პირველი ტატუდან ხვიჩა კვარაცხელიამდე“

ედუარდ ხოზრევანიძის პროფესიული გზა

ტატუირების სფეროში ედუარდ ხოზრევანიძე უკვე რვა წელია მუშაობს. მისი ინტერესი ამ ხელოვნებისადმი სტუდენტობის პერიოდში გაჩნდა, როდესაც საქართველოში ტატუირების ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო. როგორც თავად აღნიშნავს, იმ პერიოდში ეს სფერო დღევანდელთან შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, რაც მის პროფესიულ გზას უფრო რთულსა და მრავალეტაპიანს ხდიდა.

პირველი ნახატი

ედუარდ ხოზრევანიძე ზუსტად იხსენებს თავის პირველ შესრულებულ ტატუს. მისი თქმით, ეს იყო მარტივი ნამუშევარი — ნომერი „7“, რომელიც მან მომხმარებელს ყურის უკან დაუხატა. მიუხედავად სიმარტივისა, პირველი ცდა მისთვის დიდი აღფრთოვანებისა და ნერვიულობის ერთდროულად გამომწვევი გამოცდილება იყო. ის ფაქტი, რომ ეს ნამუშევარი დღემდე მკაფიოდ ახსოვს, მისივე თქმით, იმ დროინდელ ძლიერ ემოციებსა და პროფესიისადმი ინტერესს ადასტურებს.
„ვმუშაობ ჩაწერების მიხედვით. კონკრეტული დროები არ მაქვს. შეიძლება ღამის 12 საათზეც დავხატო, თუ მომხმარებლის სურვილი იქნება. ამ სფეროში ყოველი დღე განსხვავებულია, რადგან ვხვდები სხვადასხვა ადამიანებს უნიკალური იდეებითა და მოთხოვნით“— ედუარდ ხოზრევანიძე

ნამუშევრები
:

ერთ-ერთი გამორჩეული მომხმარებელი: ხვიჩა კვარაცხელია

ედუარდ ხოზრევანიძე განსაკუთრებით იხსენებს ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელია-სთან მუშაობის გამოცდილებას, რომელიც მისი კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ეპიზოდად რჩება. მისი თქმით, სწორედ კვარაცხელია იყო იმ მომხმარებლებს შორის, ვისაც მან პირველი ტატუ დაუხატა.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ტატუ არტისტს?

,,გარდა იმისა,რომ უნდა იყოს პროფესიონალი.აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაბელური.სხვაგვარად ამ სფეროში წინ ვერ წახვალ.ხშირად მომხმარებლებს ზუსტად არ აქვთ გადაწყვეტილი რას იხატავენ,მათ მეტი თავდაჯერებულობა და გამხნევება სჭირდებათ,ამიტომ ზოგჯერ ფსიქოლოგიც ვარ ხოლმე.“
ტატუირების სწავლება და გამოწვევები
ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ სფეროთი და მომავალში სურთ თავიანთი ცხოვრება ტატუ ხელოვნებას დაუკავშირონ, ედუარდი, იგივე ტედი, ტატუს შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. მისი თქმით, სწავლების პროცესში ერთ-ერთი მთავარი სირთულე მოსწავლეების მხრიდან თავდაჯერებულობის ნაკლებობაა: ,,სწავლების პროცესში ყველაზე ხშირად ვაწყდები მოსწავლეების მხრიდან თავდაჯერებულობის ნაკლებობას. ისინი ხშირად ყოყმანობენ და ეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. პრაქტიკაში ვცდილობ მათ დავანახო უკვე მიღწეული შედეგები და პროგრესი, რათა საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად სჯეროდეთ. ასე ისინი თანდათან უფრო თამამად და თავდაჯერებულად აგრძელებენ მუშაობას.“

ვინ იკეთებს ტატუს: ასაკობრივი და გენდერული ტენდენციები

ედუარდ ხოზრევანიძე (ტედი) აღნიშნავს, რომ ტატუს გაკეთების სურვილი ხშირად 20-30 წლის ადამიანებს აქვთ, რომლებიც მეტად არიან ორიენტირებულნი თვითგამოხატვაზე. მისივე თქმით, „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომხმარებლების უმეტესობა მდედრობითი სქესისაა.“ ეს ტენდენცია ადასტურებს, რომ თანამედროვე რეალობაში ტატუ აღარ არის მხოლოდ მამაკაცებთან ასოცირებული, არამედ აქტიურად იკავებს ადგილს ქალების ყოველდღიურ სტილშიც.
საზოგადოების დამოკიდებულება
ედუარდ ხოზრევანიძის თქმით, საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ტატუების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი შეფასებით, იმ პერიოდში, როდესაც მან ამ სფეროში დაიწყო მუშაობა, ტატუირებული ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად პოზიტიური და ხშირად კრიტიკული იყო. დღეს კი, როგორც ის აღნიშნავს, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია — ტატუ აღარ აღიქმება სტიგმად და ადამიანები, ვისაც სხეულზე ტატუ აქვთ, ნაკლებ კრიტიკას აწყდებიან.
გააზრებული ნაბიჯი ტატუმდე
პირველი ტატუს გაკეთებამდე მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრება და იმაზე ფიქრი, მოგეწონებათ თუ არა ეს ნახატი წლების შემდეგაც. ტატუ არტისტი ედუარდ ხოზრევანიძე, იგივე „ტედი“, ამბობს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს იმპულსური. აუცილებელია პროფესიონალი და სანდო ტატუ არტისტის შერჩევა, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს შედეგზე. ასევე მნიშვნელოვანია დიზაინის სწორად შერჩევა და მისი მნიშვნელობის გააზრება. საბოლოოდ, პირველი ტატუ უნდა იყოს გააზრებული ნაბიჯი და არა წამიერი ემოციის შედეგი.
,,სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ წარმოიდგინეთ და დაფიქრდით იმ ფაქტზე-მოგეწონებათ ეს ტატუ 10 წლის შემდეგაც?აუცილებელია შეარჩიოთ კარგი ტატუ არტისტი.”— ედუარდ ხოზრევანიძე,თუმცა როგორც ტატუ არტისტი -ტედი.

ავტორი: წიწავა მარიამი

  • პირველი ნახატი
  • ერთ-ერთი გამორჩეული მომხმარებელი: ხვიჩა კვარაცხელია
  • ვინ იკეთებს ტატუს: ასაკობრივი და გენდერული ტენდენციები