აქ მიწა ბუნებრივად არ დაშლილა ფერდობი თავისით არ ჩამოშლილა ქვიშა გამოაცალეს და მერე მიწა დაიძრა...
იცქისი ერთი შეხედვითაც მიტოვებულ სოფელს ჰგავს. გზას რომ აუყვები, პირველ რიგში დუმილი გხვდება. არა ის დუმილი, რომელიც მშვიდია, არამედ ის, რომელიც რაღაც ცუდის შემდეგ ჩამოწვა. სახლებს რომ დააკვირდები, მიხვდები, რომ აქ დრო უბრალოდ არ გაჩერებულა - ცალსახაა, რაღაც მოხდა. ზოგ სახლს მხოლოდ კედლები შემორჩა, სახურავის გარეშე, ფანჯრების ნაცვლად ცარიელი ჩარჩოებით. ზოგი გარედან თითქმის მთელია - ფასადი დგას, მაგრამ იატაკი შელახულია, კედლებშიც ღრმა ბზარები გადის, შპალერი ჩამოხეულია, ოთახები საცხოვრებლად უვარგისია. არის სახლები, რომლებიც თითქოს გადარჩა, მაგრამ მათში აღარავინ ცხოვრობს.
სოფელს ფერდობიდან ქვიშა გამოაცალეს
1970-იანი წლების ბოლოს იცქის-იტავაზის კვარცული წარმოშობის ყვითელი ქვიშის კარიერი ამუშავდა. მისი მოპოვება ლიცენზიას, უსაფრთხოების წესების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება. თუმცა ექსპლუატაცია თავიდანვე მტაცებლურად მიმდინარეობდა - დაუტერასებლად, დამცავი დაუმუშავებელი მონაკვეთების დატოვების გარეშე. კარიერი ფერდობზე გეოლოგიური რისკების გაუთვალისწინებლად გაიხსნა.
"ამ სოფელში 1984 წლიდან შეინიშნებოდა მეწყრული მოვლენების გააქტიურება, რომელმაც შემდეგ მთელი სოფელი მოიცვა. პირველად ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ოთხმოცამდე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, მერე თითქმის ყველა შენობა დაიბზარა" - შალვა ნეფარიძე, აღმასკომის თავმჯდომარე
1985 წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფლის დიდი ნაწილი დააზიანა. ზოგი სახლი სრულად დაინგრა, ზოგი ნაწილობრივ ჩამოიშალა, ზოგი ისე დეფორმირდა, რომ გარედან მყარად დგას, მაგრამ შიგნით ჩამოშლილია. დადასტურებულია კარიერის ფსკერზე მომუშავე იოსებ კომლაძის და ავთანდილ აბაშიძის დაღუპვა. ტრაგედია ოფიციალურად სტიქიურ უბედურებად შეფასდა, თუმცა მას წინ უძღოდა პროცესი, რომლის ნიშნებმაც წლების წინ იჩინა თავი.
ხუთი წლის შემდეგ, 1990 წლის 2 სექტემბერს გაზეთი „კომუნისტი“ წერდა: „გული გეტკინება, როცა შეხედავ აქაური მოსახლეობის დანგრეულ, დაბზარულ, მიწაში ჩაძირულ, კუთხეჩამოშლილ ლამაზ ორსართულიან სახლებს, დარღვეულ მამაპაპურ ყორეებს, ტალღებად წამოსულ სერებს, მიწაში ჩაძირულ ღობეებს, დამსკდარ ვენახის ფართობებს და ხეხილის ბაღებს, გაჩენილ ტბას, დაშლილ სასაფლაოს, შუაზე გაპობილ მრავალი ჭირ-ვარამის გადამტან იცქისის ციხეს“.
1988 წლისთვის 7 სახლი აშენდა, ნაცვლად დაპირებული ოცისა. მოუწესრიგებელი იყო შენობათა მიმდებარე ტერიტორია, ბევრგან მოშლილი იყო საკანალიზაციო ქსელი, ყველგან არ იყო ელექტროგაყვანილობა, ზოგ სახლს იატაკი არ ჰქონდა, ზოგს კიბე აკლდა, ზოგს - სახურავი, ამიტომ ხალხმა უარი თქვა ასეთ სახლებში შესვლაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე, საჩხერე-სავანის გზაზე გადავიდა. ასე გაჩნდა ახალი იცქისი.
ძველ იცქისში მუდმივი მაცხოვრებელი აღარ არის. თუმცა ცოლ-ქმარი გიული და მზიური აბრამიშვილები ზაფხულობით ბრუნდებიან ძველ საცხოვრებელში.
შემაღლებულ ადგილას დგას იცქისის ციხე, რომლის ფენები ადრეული (VI-VIII) და გვიან შუა საუკუუნეებით თარიღდება. 1981 წლის არქეოლოგიურმა კვლევებმა ტერიტორიაზე კერამიკური ნაწარმი და რკინის საბრძოლო იარაღი აღმოაჩინა. 2007 წლიდან ციხე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიაშია შეტანილი, თუმცა დღეს იგი თითქმის სრულად განადგურებულია.
ტრაგედიის შემდეგაც არ დასრულებულა კარიერთან დაკავშირებული პრობლემები. 1994 წლიდან იცქისი-იტავაზის ქვიშის კარიერი მთელი დატვირთვით ამუშავდა. 1998 წელს აიკრძალა კარიერზე მუშაობა. ქვიშის მომპოვებელ ორგანიზაციებს დაევალათ დარღვევების აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოერთმეოდათ ლიცენზიები. საჩხერის რაიონის გამგებელ ცეზარ ლაშხს, პოლიციის რაიონულ განყოფილებასთან ერთად უნდა აღეკვეთა უწესრიგობა ქვიშის კარიერებზე. თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სინამდვილეში მუშაობა წუთითაც არ შეწყვეტილა.
2001 წელს მუშაობა დაიწყო გაუფორმებელ მტვირთავთა თოთხმეტმა ბრიგადამ, რომელთაც საშიშ საწარმოო ობიექტზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ. საჩხერის გზაზე კვლავ მოძრაობდა ქვიშით დატვირთული ავტომანქანები. ადგილობრივები აკრიტიკებდნენ კარიერის უხეში დარღვევებით დამუშავებას, დაზიანებულ გზებსა და ანტისანიტარიას.
მთა აღარ არის ქვიშა გამოაცალეს მის ნაცვლად კარიერი დატოვეს.
კარიერისკენ მიმავალ გზაზე მანქანები მოძრაობენ ქვიშით დატვირთულები... შედიან, გამოდიან მსვლელობა არ ჩერდება.
ახალ კარიერზე 15 კომპანია მუშაობს. ქვიშის მოსაპოვებლად აუცილებელია გარემოსდაცვით სამუშაოების ჩატარება და ექსპერტიზა, თუმცა კომპანიებმა გამოსავალი იპოვეს: კარიერს 25-25 ჰექტარის სიდიდის ნაწილებად ყოფენ, რომ აუცილებელი კვლევების ჩატარება არ დასჭირდეთ.
იცქისი სივრცეა, სადაც გარედან მდგომი კედლები შიგნიდან ჩამოშლილ ცხოვრებას ფარავს. იცქისში სახლები დაინგრა, ხეები გაიჩეხა, ბუნება განადგურდა, მაგრამ შეცდომა დღესაც მეორდება. რეგულაციები ფორმალობად დარჩა, საფრთხე კი იგივეა.