ყვარელში მდებარე ევროკლუბი ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნა. 2019 წელს დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაცია, ევროკავშირის რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის, EU NEIGHBOURS east-ის მხარდაჭერით, არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტის, არამედ მთლიანი კახეთის მასშტაბით მუშაობს და ის სწავლისა და განვითარების რეგიონული ჰაბია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მოყოლებული ყვარლის ევროკლუბი ერთ სივრცეში აერთიანებს ევროკლუბსა და „ამერიკულ თაროს“.
ყვარლის ევროკლუბის მთავარი მისიაა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დასავლური ღირებულებების გავრცელება. ორგანიზაციის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისეთი საერთო სივრცის შექმნა, სადაც ისინი შეუზღუდავად შეძლებენ სხვადასხვა საკითხის განხილვას და ტრენინგებზე, სემინარებსა თუ ფილმის ჩვენებებზე დასწრებას.
როგორც ყვარლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ნიკა გურინი აცხადებს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში ყვარლის ევროკლუბი 25-ზე მეტი პროექტის ფარგლებში ჩატარებული 150-ზე მეტი ღონისძიების გზით 2,500-ზე მეტ ბენეფიციარს მისწვდა.
,,ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში დაფუძნდა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო სკოლაში. ეს იყო ქვემოდან წამოსული ინიციატივა. ევროკლუბი შეიქმნა ადგილობრივი საზოგადოების ინიციატივით და ჩართულობით. 2022 წლის ნოემბრიდან, ამერიკის საელჩოს და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებლობა მოგვეცა ყვარელში გაგვეხსნა ევროატლანტიკური ცენტრი, რომელიც მდებარეობს ყვარელში, ქალაქის ცენტრში და იქ თავმოყრილია შეხვედრების და საკონფერენციო სივრცეები, ფილმის ჩვენებებისთვის სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის და ამის მისაღწევად ვაკეთებთ ყველაფერს'',- აცხადებს ნიკა გურინი.
ნიკა ასევე განმარტავს, რომ მათი ძირითადი მიზანია დასავლურ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
,,ჩვენ მტკიცედ გვწამს ადამიანის უფლებების და თავისუფლების. გარდა ამისა, ვუზრუნველყოფთ არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობას. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები და მიმართულებები, მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ 4 წელია ვმუშაობთ, ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული.''
,,ილიას გზით ევროპაში"- ეს არის ყვარლის ევროკლუბის სლოგანი, რომელიც ახალგაზრდების გასააქტიურებლად დღემდე აქტიურად მუშაობს და მათ განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
,,თავდაპირველად ჩვენი სლოგანი იყო ,,ილიას გზით ევროპაში". ყვარელი დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩვენი ხედვით პირველი ევროპელი და თანამედროვე საქართელოს დამფუძნებელი იყო. ის იყო ღია მქადაგებელი ევროპული ღირებულებების. გვაქვს სხვადასხვა მიმართულების პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩარტულობას. გვაქვს აქტივიზმის კინოკლუბი, ფილმის ჩვენება და დისკუსიები. აღსანიშნავია, რომ ყვარელში არ გვაქვს კინოთეატრი, არარსებობს წიგნის მაღაზია, არარსებობს თანამედრვე ბიბლიოთეკა. ერთადერთი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანზაცია ვართ ჩვენ, ვინც ამ მიმართულებებით მუშაობს.''
2021 წლიდან ცენტრი აერთიანებს ამერიკულ სივრცეს, რომლის მიზანია საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ცნობიერების ამაღლება, ინგლისური ენის სწავლა, ამერიკული ლიტერატურის, ფილმების ხელმისაწვდომობა, სამაგიდო თამაშების კლუბის მუშაობა და სხვა.
,,ასევე ვმუშაობთ ქალთა გაძლიერებაზე, ასევე გვაქვს წიგნის კლუბები, დისკუსიები, ლექციები და სემინარები სხვადასხვა თემებზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე სკოლებში. გარდა ამისა, მასწავლებლებთან მუშაობის მიმართულება ცალკე გვაქვს. ხელს ვუწყობთ მათ გაძლიერებას და სკოლებში ძალადობის პრევენციას. ასევე ვმუშაობთ მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაზე, ასევე ვმუშაობთ სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებაზე. ასევე გვქონდა ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსები და შარშან 80-მა ზრდასრულმა ისწავლა ენა. ასევე გავაკეთეთ პროფესიული გადამზადების კურსები ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და პროგრამის 30 მონაწილიდან 18 დასაქმდა. გარდა ამისა, ნატოზე ცნობიერების ამაღლებას ვუწყობთ ხელს, ვსაუბრობთ ახალგარდებთან, უფროსებთან, მიგვყავს სხვადასხვა სპიკერი მათთან, ვმართავთ შეხვედრებს, ფილმის ჩვენებებს და ვესაუბრებით ხალხს'',- აცხადებს ნიკა გურინი.
ნიკა ასევე განმარტავს, რომ ამ ევროკლუბი დროისთვის რამდენიმე მიმართულებით მოქალაქეთა ინფორმირების კუთხით აქტიურად მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
,,ახლა ჩვენი მთავარი მიმართულება არის ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მომძლავრებული რუსული პროპაგანდის ფონზე, როდესაც დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ცნობიერება შეიძლება მაღალი არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყვარლის ერთი კლუბის მაგალითი იქცა ინსპირაციად ბევრისთვის. ჩვენ უკვე გამოცდილებას ვუზიარებთ არა მხოლოდ საქართველოში პირებს, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობს სხვა ქვეყნებსაც: სომხეთს, აზერბაიჯანს და სხვა.''
გარდა სხვადასხვა პროექტებისა, გასულ წლებში, ევროკლუბის დახმარებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მოეწყო ღია სადისკუსიო სივრცე, მოხდა შესაბამისი ინვენტარის შეძენა. გარდა ამისა, ნიკა გურინის თქმით, საელჩოს თანადგომით მოეწყო ვარდების ხეივანი, ასევე ყვარლის პირველ საჯარო სკოლას გადაეცა 15 მძლავრი კომპიუტერი ლიცენზირებული პროგრამებით, რომლის საშუალებითაც მოეწყო ციფრული კლასი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლონ.
,,2021 წელს გავიგე ყვარლის ევროკლუბის შესახებ და მათ მიერ განხორციელებულ ფილმების ფესტივალში ვიყავი ჩართული. ბევრი საინტერესო ადამიანი, სპიკერი გავიცანი და ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის. აქ არის წიგნები, რომელიც შეგვიძლია წავიკითხოთ, არის ინგლისური ენის უფასო კურსები და ბევრი აქტივობები, რაშიც ყველას შეუძლია ჩაერთოს. სოფელში ან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წავიდეს კინოთეატრში ან წაიკითხოს თანამედროვე ლიტერატურა, შეხვდეს ბევრ ცნობილ ადამიანს და ეს კლუბი ამის შანსს და შესაძლებლობას გვაძლევს'',- განაცხადა ყვარელში მცხოვრებმა მართა წიწრიაშვილმა.
„მასალა მომზადებულია პროექტის „საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს „მედია ცენტრი კახეთი“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით TRANSITION დაფინანსებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის NESEHNUTÍ მხარდაჭერით.
პუბლიკაციის შინაარსი არ წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამოუკიდებელი სოციალური ეკოლოგიური მოძრაობის - NESEHNUTI-ს ოფიციალურ შეხედულებებს."